მორიგი Barbie-ს თოჯინა პარაოლიმპიელ მსოფლიო ჩემპიონზე შეიქმნა

სათამაშოების ამერიკულმა ფირმა Mattel-მა, რომელიც Barbie-ს თოჯინებით არის ცნობილი, ეტლზე მიჯაჭვული ჩილელი პარაოლიმპიელის, ფრანცისკა მარდონესის თოჯინა შექმნა. 43 წლის ფრანცისკა მარდონესმა 2019 წელს მსოფლიო რეკორდი ბირთვის კვრაში დაამყარა.

კომპანიაში Reuters განუცხადეს, რომ ფირმის მიზანი, ცნობილი თოჯინების საპროდუქტო ხაზის დივერსიფიკაციაა.

ფრანცისკა მარდონესი ჩილეს ნაკრებიდან ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიურ თამაშებშიც მონაწილეობდა. მან თავისი ქვეყანა სპორტის რამდენიმე სახეობაში, ჩოგბურთში, ბირთვის, დისკისა და შუბის სროლაში წარადგინა. მარდონესს ოლიმპიური სპორტსმენობა ბავშვობიდან სურდა, თუმცა 1999 წელს, პუერტო რიკოს კუნძულს, სადაც ის მუშაობდა, ქარიშხლი დაატყდა თავს და ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად, მან ხერხემალი დაიზიანა.

სპორტსმენის თქმით, მისი ბარბი ბავშვებს შთააგონებს, რომ მათ მიზნებს შეზღუდულმა შესაძლებლობებმაც კი არ უნდა შეუშალოს ხელი.

მარდონესი აცხადებს, რომ სათამაშოების ფირმამ დეტალურად შეისწავლა ყველაფერი და პროტოტიპის შესაქმნელად მისი გარდერობის ნივთებიც გამოითხოვა. ამასთან, სპონსორებისგან თოჯინის სპორტულ ტანსაცმელზე მათი ლოგოების დასატანებლად ნებართვაც აიღო.

თოჯინა კომპანია Mattel-ის საპროდუქტო ხაზი Sheroes-ის ნაწილია, რომელიც 2015 წელს სამაგალითო ქალის ფიგურების დასამზადებლად შეიქმნა.

მიმდინარე თვის დასაწყისში Mattel-მა, COVID-19-თან მებრძოლ ქალთა თოჯინების კოლექციის ფარგლებში, კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი ბრიტანელი მეცნიერის, სარა გილბერტის Barbie-ს ვერსია გამოუშვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ