რა შემოსავალი აქვს მთავრობის დაფუძნებულ „მოსავლის მართვის კომპანიას“, რომელიც სეტყვით დაზიანებულ ყურძენს იბარებს

სეტყვით დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო - „მოსავლის მართვის კომპანია“ იბარებს. 29 აგვისტოს მონაცემებით, კომპანიამ 1200 ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი გადაამუშავა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ: 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად. ყურძენი ღვინის საწარმოებს 300-მდე მევენახემ ჩააბარა.

მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა შემოსავალი აქვს და როგორია „მოსავლის მართვის კომპანიის“ ფინანსური მდგომარეობა. 2020 წლის ანგარიშგების მიხედვით, საწარმოს აქტივები შეადგენდა 21 106 597 ლარს, მარაგები 12 483 910 ლარს, კაპიტალი კი 8 415 340 ლარს. საანგარიშო პერიოდში „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 8 492 000 ლარის სუბსიდია მიიღო. ამავე პერიოდში კომპანიის საერთო მოგებაც ამ მოცულობის იყო.

ამასთან, 2020 წელს სახელმწიფო საწარმოს ადმინისტრაციულმა ხარჯებმა 76 660 ლარი შეადგინა, აქედან, საკანცელარიო საქონელზე დახარჯა 320 ლარი; ხელფასებზე - 6 225 ლარი; მივლინებებზე - 4 990 ლარი; საპენსიოზე - 7 456 ლარი. სხვა ხარჯებმა კი 2 309 ლარი შეადგინა. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, შარშან სახელმწიფო საწარმოს წმინდა მოგებამ 8 415 340 ლარი შეადგინა.

ცნობისათვის, სახელმწიფო საწარმო - „მოსავლის მართვის კომპანია“ 2020 წლის აგვისტოს დაფუძნდა. მესაკუთრე არის სსიპ-ი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, 100%-იანი წილის მმართველი კი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სოფლის განვითარების სააგენტო. საწარმოს დირეტორია პაატა ჭავჭანიძე.