გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ბიზნეს-მგზავრობების დასაბრუნებლად ფრენების რაოდენობის გაზრდასა და კვების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ Reuters ავიაკომპანიის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, კრისტინა ფოერსტერმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის Lufthansa-ს 2019 წლის, ანუ კორონაპანდემიამდელი მგზავრების რაოდენობის, დაახლოებით, 50% ჰყავს გადაყვანილი, ხოლო მიმართულებები 88%-მდე აღადგინა.
„ბევრ რეისზე ყოველდღიური სიხშირე გაიზრდება. ეს აუცილებელია ბიზნესმგზავრებისთვის, რომლებსაც გადაფრენა და გადმოფრენა ერთ დღეში უწევთ,” - აცხადებს კრისტინა ფოერსტერი.
მისი თქმით, ავიაკომპანია განსაკუთრებით პოპულარულ მარშრუტებზე შუადღის რეისს დაამატებს, ხოლო 1-ლი სექტემბრიდან პრემიუმ მომხმარებლებისთვის ახალ მენიუს შემოიღებს, რომელშიც გერმანული და ინტერნაციონალური სამზარეულო გაერთიანებული იქნება.
„მას შემდეგ, რაც აშშ-ში ფრენები დაიწყება, მოთხოვნა გაიზრდება, რისთვისაც ავიაკომპანია კარგად არის მომზადებული,“ - აცხადებს ფოერსტერი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ