როდიდან ამოქმედდება სესხის სუბსიდირების პროგრამა იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ახალშობილი, ან 3 და მეტი შვილი ჰყავთ

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, "1-ლი სექტემბრიდან ძალაში შედის პროგრამა, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლებათ, ან იმ ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ“.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა საშუალებას მისცემს ოჯახებს მათი კეთილდღეობა გაიზარდოს და საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ.

„პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ის პროგრამაც, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლებათ, ან იმ ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ. პირველი სექტემბრის შემდეგ, ასეთ ოჯახებს, ვისაც სურვილი აქთ გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და საცხოვრებელი ბინა შეიძინონ, შეუძლიათ მიაკითხონ ბანკებს და ისარგებლონ ჩვენი პროცენტის სუბსიდირების პროგრამით. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც საშუალებას მისცემთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდოს, საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ“,-აღნიშნავს თურნავა.

მისივე თქმით, 1-ლი სექტემბრიდან ძალაში შედის ის გადაწყვეტილებები, რომელიც დაანონსდა „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში.

„1-ლი სექტემბრიდან უკვე შეუძლიათ მეწარმეებს, მოსახლეობას, ვინც ბიზნესსაქმიანობაშია ჩართული მიაკითხონ, როგორც ჩვენს სააგენტოს, ასევე ბანკებს. ის საწარმოები, ვინც ჩართულები არიან საექსპორტო წარმოებაში, ან იმპორტის კონკურენტები არიან და იმპორტის ეტაპობრივ შემცირება-ჩანაცვლებას ემსახურებიან, თავისი ახალი პროგრამებისთვის მიიღებენ, როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე დაახლოებით 60%-ით თანაგარანტირებას გავუწევთ ბანკების წინაშე. ასევე ახალი კომპონენტია გრანტი, სესხის ოდენობის 5%-ის მოცულობა, რასაც მიიღებენ. ეს პროგრამა ემსახურება ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებას, იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას“,-აღნიშნავს თურნავა.