ლევან დავითაშვილი - კახეთში სტიქიამ დაახლოებით 5 000 ჰექტარი დააზიანა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, კახეთში, სეტყვის შედეგად დაზიანებულია დაახლოებით 5 000 ჰექტარი.

დავითაშვილმა მევენახეებს მოსავლის დაზღვევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 5 000 ჰექტარია დაზიანებული კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ეს არის ძირითადად თელავის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები. არის სოფლები, სადაც დაზიანება არის 100 % -მდე, თუმცა არის რაიონები, სადაც 30%-დან 40%-მდე ზარალს ველოდებით. დეტალურად მოხდა შეფასება, ძირითადად ამ 5 000 ჰექტრიდან დაზიანებულია ვენახები, შესაბამისად, ძირითადი დაზიანება შეეხო მევენახე ფერმერებს. მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებთან მომხდარიყო კომუნიკაცია, რომ მათ მიერ მოწეული პროდუქცია, მიუხედავად დაზიანების სხვადასხვა ხარისხისა, ჩაბარდება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ რამდენიმე ქარხანაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, რეგიონში შეხვდა და ესაუბრა ფერმერებს. მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო რქაწითელს, მიუხედავად დაზიანებისა 80 თეთრად, ხოლო საფერავის ჯიშის ყურძენს 1 ლარად ჩაიბარებს.

„რაც შეეხება იმ მევენახე ფერმერებს, რომლებსაც ვენახები სრულად დაუზიანდათ, ისინი 3 000-ლარს მიიღებენ, ეს არის ფაქტიურად ის თანხა, რაც მათ უჯდებათ, იმისთვის რომ მოიწიონ მოსავალი“, - განაცხადა მინისტრმა.

დავითაშვილის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიები ოპერატიულად მუშაობენ რეგიონში. „კიდევ ერთხელ ვიყენებ საშუალებას მოსახლეობას მივმართო, რომ მომავალ წლებში აუცილებლად გამოიყენონ დაზღვევის ის პროდუქტი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს აგროდაზღვევის პროგრამაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.