თამარ გაბუნიას განცხადებით, ვიდრე ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება არ მოხდება, სკოლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვიდრე ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება არ მოხდება, სკოლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.

როგორც გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების წინაპირობები ეპიდემიური მდგომარეობა და ვაქცინაციის სტატუსი იქნება.

„ჩვენი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ის პირობები, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებას, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და დადებითობის მაჩვენებელი. დღევანდელი ეპიდემიური სიტუაცია საკმაოდ რთულია. ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით ვერ მოხდება.

ასევე ვაქცინაციის სტატუსი - პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. ამდენად ეპიდემიური მდგომარეობა და ვაცქინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა“,- განაცხადა გაბუნიამ.