McDonald's დელტა შტამით მაღალი ინფიცირების ქვეყნებში შიდა სივრცეებს ხელმეორედ ხურავს

სწრაფი კვების გლობალური ქსელი McDonald's შიდა სივრცეებს აშშ-ს იმ შტატებსა და მსოფლიოს იმ ქვეყნებში ხურავს, სადაც კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია. ასეთი მითითება კომპანიის აღმასრულებელმა დირექციამ ფრენჩაიზებთან საკონფერენციო ვიდეოზარის დროს გასცა.

Reuters-ის ცნობით, იმ ქვეყნებში და შეერთებულ შტატებში, სადაც, საშუალოდ, სამ კვირაში 100 000 ადამიანზე 250-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება, რესტორნის შიდა სივრცე დროებით დაიხურება. კომპანიამ კონკრეტული ინსტრუქციაც გააცნო ფრენჩაიზებს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან რესტორნების შიდა სივრცეების მეორეჯერ დასახურად.

2020 წლის დასაწყსში აშშ-ს თითქმის ყველა რესტორანში McDonald's სასადილო ოთახები დახურა, თუმცა ივლისში ქსელი 70%-ით კვლავ გაიხსნა. მეტიც, 28 ივლისს კომპანიამ განცხადებაც გაავრცელა, რომ შრომის დღისთვის, თითქმის, 100%-ით გაიხსნებოდა.

„ჩვენ ბევრად უფრო ღრმად გვაქვს გააზრებული, თუ რა ქმედებები იცავს ჩვენი რესტორნების გუნდისა და პერსონალის უსაფრთხოებას,“ - აცხადებს McDonald's-აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ერლინგერი.

2020 წლის გაზაფხულთან შედარებით, როცა აშშ-ში კოვიდპანდემია იწყებოდა, ხელმეორედ დახურული რესტორნების რაოდენობა ნაკლებია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ