პარიზის ქუჩებში ავტომობილით მოძრაობის სიჩქარეზე შეზღუდვები შემოიღეს

პარიზის უმეტეს ქუჩებში 30 აგვისტოდან, ავტომობილით გადაადგილების დროს სიჩქარეზე შეზღუდვა 30 კმ/სთ-მდე შემოიღეს. ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.

უფრო მაღალი სიჩქარით, 50 კმ/სთ-ით მოძრაობა ნებადართული დარჩება მხოლოდ რამდენიმე მსხვილ ქუჩაზე, ხოლო შემოვლით გზაზე - 70 კმ/სთ-ით.

პარიზის მერიაში ამგვარი გადაწყვეტილების მთავარ არგუმენტად უსაფრთხოება მოჰყავთ, რადგან მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ფეხით მოსიარულეს გადარჩენის ნაკლები შანსი, მძღოლს კი რეაგირებისთვის ნაკლები დრო აქვს.

მერიას მიაჩნია, რომ სიჩქარის ასეთი შეზღუდვები კარგ პირობებს შექმნის გზებზე მძღოლების, ველოსიპედისტებისა და ფეხით მოსიარულეთა თანაარსებობის გასაუმჯობესებლად, ასევე, ხელს შეუწყობს ხმაურის დონის შემცირებას.

სიჩქარეზე შეზღუდვების შემოღება პარიზის მერის, ანნ იდალგოს წინასაარჩევნო დაპირება იყო.

2022 წლიდან პარიზის ცენტრში ავტომობილების სატრანზიტო გადაადგილების აკრძალვაც სურთ. მერიის მონაცემებით, ამჟამად ტრანსპორტის წილი, რომელიც ქალაქის ცენტრში ტრანზიტით გადაადგილდება, მთლიანი მოძრაობის 40-60%-ს შეადგენს (საათების მიხედვით). ამასთან, ცენტრალურ ქუჩებზე გავლით მოძრავი მანქანების რაოდენობა ცენტრში მცხოვრებთა ავტომანქანების რაოდენობას 10-ჯერ აღემატება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ