ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამოიღო - სიაში რჩება სომხეთი და აზერბაიჯანი

ევროკავშირმა შეერთებული შტატები და კიდევ 5 ქვეყანა იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომელთა მოქალაქეებსაც ბლოკის ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებული დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ, იმოგზაურონ. სიაში უკვე დიდი ხანია არ არის საქართველო, უსაფრთხო ქვეყნების სტატუსს ინარჩუნებს აზერბაიჯანი და სომხეთი.

ინფორმაციას ევროპული საბჭო თავის ვებ-გვერდზე ავრცელებს.

შეფასების შემდეგ, რომელიც შეესაბამება ევროკავშირში მოგზაურობებზე დროებითი შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმების რეკომენდაციებს, საბჭომ განაახლა ქვეყნების სია, რომლებისთვისაც სამოგზაურო შეზღუდვები უნდა მოიხსნას. კერძოდ, ისრაელი, კოსოვო, ლიბანი, ჩერნოგორია, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები სიიდან გამოირიცხა,“ - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

მასში ხაზგასმულია, რომ ეს გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოებს სრულად აცრილი მოგზაურებისთვის ევროკავშირში შესვლაზე დროებითი შეზღუდვის გაუქმებას ან არგაუქმებას არ ავალდებულებს და ამის დადგენა დამოუკიდებლად შეუძლიათ.

მესამე ქვეყნების სიაში, საიდანაც მოგზაურობაზე ევროკავშირი რეკომენდაციას იძლევა, 18 ქვეყანაა. ესენია:

  • ალბანეთი
  • სომხეთი
  • ავსტრალია
  • აზერბაიჯანი
  • ბოსნია და ჰერცოგოვინა
  • ბრუნეი დარუსალამი
  • კანადა
  • ჩინეთი
  • იაპონია
  • იორდანია
  • ახალი ზელანდია
  • ყატარი
  • მოლდოვას რესპუბლიკა
  • საუდის არაბეთი
  • სერბეთი
  • სინგაპური
  • სამხრეთ კორეა
  • უკრაინა

მესამე ქვეყნების შერჩევის კრიტერიუმები, რომლებისთვისაც მოგზაურობის შეზღუდვა იხსნებ, 20 მაისს განახლდა. კრიტერიუმები ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და COVID-19-ზე საერთო რეაგირებას გულისხმობს. ევროკავშირის ფორმულა მოითხოვს, რომ 100 000 მოსახლეზე 14 დღის განმავლობაში დაავადების 100-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა გამოვლინდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ