”დელტაკომში” აცხადებენ, რომ 2014 წლამდე შსს-ს უფასოდ ემსახურებოდნენ

"დელტაკომის" წილის მფლობელის, დავით ხუბულურის განმარტებით, კომპანია 2007 წლიდან 2014 წლამდე შსს-ს უფასოდ ემსახურებოდა და შსს-მ მისთვის თანხის გადახდა 2014 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო.

როგორც ხუბულურმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა, კომპანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საბაზრო ღირებულებით 17 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის მომსახურება გაუწია. მისი თქმით, უწყებიდან თანხას 2014 წლიდან იღებენ, ხოლო მანამდე "ერთი თეთრიც არ მიუღიათ".

"ახლა თანხას იმიტომ ვიღებთ, რომ შეიცვალა გეგმები და მოთხოვნები. დღეს შსს-ს არა მარტო ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალებს, არამედ მატერიალურ ფასეულობებს გადავცემთ აბსოლუტურად უფასოდ. ჩვენ გვეუბნებიან, რა სიმაღლეზე უნდა ავხტეთ და ვხტებით. რას ემსახურება ეს, მაპატიეთ და, არ მაინტერესებს", - განაცხადა დავით ხუბულურმა.