წყლის გამაცხელებლებსა და გაზქურებზე ტექნიკური რეგლამენტი კიდევ გადავადდა - როდიდან შევა ცვლილება ძალაში

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედება ისევ გადავადდა. ტექნიკური რეგლამენტი პირველად, 1-ლი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე, ამჯერად კი პირველ დეკემბრამდე გადავადდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობამ დადგენილება უკვე გამოსცა.

ცნობისათვის, „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბაზარზე მხოლოდ ის მოწყობილობები გაიყიდება, რომელებიც აღნიშნული რეგლამენტის შესაბამისად იქნება ნაწარმოები. ანუ, მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებს აწვდიან, გარკვეული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და მისი რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასება მოუწევთ. თუ ტექნიკა ამ პროცედურას გაივლის, მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისობის დეკლარაცია შეადგინოს. ასევე, მწარმოებელი ვალდებულია, მოწყობილობა დაპროექტებული და წარმოებული იყოს რეგლამენტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. მსგავსი ვალდებულება როგორც - ტექნიკაზე, ისე საამწყობრო ნაწილებზე ვრცელდება.

კომპანია ,,ცელსიუსის“ მარკეტინგის მენეჯერი, სოფო ახალაია ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ პირველ დეკემბრამდე შემოტანილი პროდუქციის რეალიზაციის უფლება, რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგაც ექნებათ კომპანიებს, თუმცა იმპორტი ვეღარ განხორციელდება.

,,ჩვენი კომპანია მზად არის ამ ცვლილებისთვის, რადგან გაფრთხილებული ვიყავით წლის დასაწყისიდანვე. შესაბამისად, მაქსიმალურად გავითავალისწინეთ არსებული რეალობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ „არისტონის“ ოფიციალური წარმომადგენლობა ვართ და ყველა რეგულაციას ისედაც ვაკმაყოფილებთ და ამის, შესაბამისი სერთიფიკატებიც გაგვაჩნია. ამ მიმართულებით ჩვენ არ ველოდებით პრობლემებს, თუმცა რეგულაციის ამოქმედება წლის ბოლომდე არ მოხდება. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 1-ელ დეკემბრამდე შემოტანილი პროდუქციის რეალიზაცია შეგვეძლება რეგლამენტის ცვლილების შემდეგაც, თუმცა აღარ გვექნება შემოტანის უფლება“- განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ სოფო ახალაიამ.

თამარ მუკბანიანი