გია ხუხაშვილი - ევროკავშირის დახმარების შეჩერების გამო ინვესტორები საქართველოს მაღალი რისკის ზონაში გადაიყვანენ

ევროკავშირის დახმარების შეჩერების გამო ინვესტორები საქართველოს მაღალი რისკის ზონაში გადაიყვანენ - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, რომლიც მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სესხის მეორე ტრანშის მიღებაზე უარს ამბობს.

“ისინი კი არ გვიწყვეტენ, ჩვენ თვითონ ვამბობთ უარს”… და ვიღაცა პრევენციის მიზნით ნათქვამ ამ ერთუჯრედიან ქოცურ ვირეშმაკობას დაიჯერებს.

რეალურად, ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების შეჩერება ნიშნავს მინიმუმ ათჯერ მეტის დაკარგვას, რადგან ყველა პოტენციური ინვესტორი ამ ფაქტის გამო, საქართველოს გადაიყვანს მაღალი რისკის ზონაში და შეაჩერებს აქტივობას. პოლიტიკურ შედეგებზე აღარაფერს ვამბობ“, - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა.

დღეს კი პრემიერმა ღარიბაშვილმა სესხის მიღებაზე უარი საგარეო ვალის შემცირების მოტივით ახსნა.