ნათია თურნავას განცხადებით, წლის ბოლომდე სამომხმარებლო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით სტაბილიზაციის პროცესი დაიწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, წლის ბოლომდე სამომხმარებლო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით სტაბილიზაციის პროცესი დაიწყება.

როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლარის კურსი დასტაბილურებულია, რაც უახლოეს თვეებში პროდუქტების ფასებზეც აისახება.

„ჩვენ არ ვიმყოფებით ჩვეულებრივ ვითარებაში, არის პანდემია, რომელიც წინა საუკუნეშიც არ გვახსოვს. შესაბამისად, ამას მოჰყვება გლობალური ეკონომიკური სირთულეები და ეს სირთულეები სხვადასხვა რამეში ვლინდება. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეკონომიკა არ ჩერდება, ეკონომიკა ვითარდება და მართლაც უპრეცედენტო ზრდაა. რას ნიშნავს ეს ზრდა რიგითი ადამიანისთვის - პირველ რიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები აღარ დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება მეტი ახალი სამუშაო ადგილი, ხელფასები და ახალი საარსებო წყარო იქნება უფრო მზარდი იმიტომ, რომ განვითარებული ბიზნესი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს.

ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ სავალუტო შემოდინება ქვეყანაში კვლავაც შენარჩუნდება. ექსპორტი იზრდება, ასევე ჩვენ ასე თუ ისე ჩავატარეთ ტურისტული სეზონი - ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენი ლარი იყოს მეტად სტაბილური, რაც აქამდე იყო დიდი გამოწვევა. როდის ითარგმნება ეს სამომხმარებლო პროდუქტების ფასებში - ვფიქრობთ, წლის ბოლომდე სტაბილიზაციის პროცესი წავა. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ეროვნული ბანკის პროგნოზი, რომ ინფლაციური პროცესები უფრო შემცირდება. თუნდაც იმის გამო, რომ ლარი სტაბილურია, იმპორტული საქონელი კურსთა სხვაობის გამო აღარ გაძვირდება.

სხვადასხვა ფაქტორებია ისეთ პროდუქტებზე, რომელსაც ვერ ჩავანაცვლებთ - ნავთობპროდუქტები, ბენზინი, საწვავის ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება, მაგრამ იმ ნაწილში, რაც დაკავშირებული იყო კურსთა სხვაობასთან, ეს ზეწოლა მოიხსნება. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში თანდათან ეს აისახება სხვადასხვა პროდუქტზე. თუმცა მზად ვართ, ჩავერიოთ უფრო პროაქტიულად იმ სასაქონლო ჯგუფებში, რომელიც მეტად მტკივნეულია მოსახლეობისთვის. მაგალითად, საუბარია მედიკამენტების ფასებზე, სადაც ვფიქრობთ, რომ არ არის მთლად ეკონომიკური ფაქტორებით დასაბუთებული ის მაღალი ზრდა, რასაც ვხედავთ“, - განაცხადა თურნავამ.