ნათია თურნავა - საქართველოს წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ექნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ექნება და მთავრობა ორნიშნულიან ზრდას ვარაუდობს.

როგორც თურნავამ განაცხადა, ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,9%-ია, ხოლო 2021 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ეკონომიკა 12,2%-ითაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

“ ეს იმას ნიშნავს, რომ დაჯამებულად, 7 თვის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ეკონომიკა გაზრდილია 12,2%-ით წინა წელთან შედარებით. რაც კიდევ უფრო სასიხარულოა, თითქმის 6%-ით არის გაზრდილი 2019 წლის 7 თვესთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავინდებურად, ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს რწმენას, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი და ვვარაუდობთ ორნიშნულიან ზრდას.

დარგობრივად რომ შევხედოთ, თითქმის ყველა დარგში არის პოზიტიური დინამიკა. განსაკუთრებით, ზრდის ტემპით ლიდერობს გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე, სასტუმროები და რესტორნები - განთავსების და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია და ვაჭრობა. ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა არის ადგილობრივი ექსპორტი. ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია თითქმის 50%-ით. ეს არის დაკავშირებული ერთი მხრივ იმასთან, რომ მომავლის იმედი და სტაბილურობის განცდა გაუჩნდა ბიზნესებს“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ მომავლის პერსპექტივის პოზიტიურ განცდას ვაქინაციის ტემპიც ქმნის.

ამასთან, თურნავას ინდფორმაციით, დღეს გამოქვეყნებული მსოფლიო სარეიტინგო სააგენტოს - Standard & Poor’s- ის გაკეთებული შეფასებით, საქართველოს უცვლელად დარჩა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი.

„საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოები ასე აფასებენ საქართველოს, რომ არის სტაბილურობა, მიუხედავად პანდემიისა და იმისა, რომ გლობალური ტურიზმის აღდგენა წინააღმდეგობრივია და გარკვეული გამოწვევები დარჩა. ჩვენი კონომიკა, ჩვენი ეკონომიკის პერსპექტივა არის საკმაოდ მყარი. ამასთან, Standard & Poor’s-მა გამოაქვეყნა გაზრდილი მოლოდინი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის - 7,5%, რაც ჩვენი აზრით ის მინიმუმია, რასაც მივაღწევთ. თუმცა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ორნიშნა ზრდაზეც გავიდეთ წლის ბოლოს“, - განაცხადა თურნავამ.