როგორი იქნება თბილისი 2015 წელს?

2015 წელს დედაქალაქის მერს ბევრი პოპულარული თუ არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს

2015 წლიდან თბილისის ორ ძველ უბანში ძველი სახლები დაინგრევა და ახალი კორპუსები აშენდება. მერია მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობას აპირებს, დაგეგმილია შშმ პირებისთვის ადაპტირებული ავტობუსების შემოყვანა. რა გაკეთდა და რა გეგმა აქვს თბილისის მერს? ”ბიზნეს-რეზონანსი” დავით ნარმანიას ესაუბრა.

- 5 თვე გავიდა, რაც მერის თანამდებობას იკავებთ. ამ პერიოდის განმავლობაში რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეთ?

- პირველ რიგში, დავასახელებ საინტერესო პროექტის დაწყებას - პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა. მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ცალკეული სახელშეკრულებო ვალდებულებების დეტალური გადახედვა და ანალიზი. მაგალითისთვის მოვიყვან კომპანია ”სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას და მის ანალიზს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ, ასევე კომპანია ”აუთდორთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას.

მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება - ტელეფონის, საწვავის ლიმიტები და სხვა, რაც ეკონომიის საშუალებას გვაძლევს. დაზოგილი თანხა კი სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად გამოიყენება. გარდა ამისა, ყინვების დაწყებამდე მიმდინარეობს გზების წინასწარი შეკეთება, რათა ზამთრის შემდეგ კიდევ უფრო დაზიანებული გზები არ მივიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის ბიუჯეტი გახდა პროგრამული.

- ”სითი პარკთან” დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

-  იმისთვის, რომ კომპანია ”სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულება რეალურად შეგვეფასებინა, კონკურსის წესით შევარჩიეთ დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია ”ერნსტ ენდ იანგი”, რომელიც აკეთებს სამართლებრივ და ფინანსურ ანალიზს, ჩვენთვის მოამზადებს რეკომენდაციებს. ეს ყველაფერი მზად იანვარში იქნება.

- თქვენ უკვე განაცხადეთ, რომ შეიძლება ”სითი პარკმა” თბილისი დატოვოს...

- ეს არის კონტექსტიდან ამოღებული გზავნილი და დავაზუსტებ, რომ თუ ”სითი პარკი” არ წამოვა ჩვენს პირობებზე (ავტომანქანების სადგომებზე გადაყვანა შეიცვალოს მხოლოდ ჯარიმით, ქალაქსა და კომპანიას შორის შემოსავლების განაწილება უფრო გონივრული იყოს), რათა ქალაქმა მეტი შემოსავალი მიიღოს, ასეთ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ, რომ ”სითი პარკს” მოუწიოს წასვლა. ეს ორი საკითხი ძალიან პრინციპულია, რომელიც აღელვებს საზოგადოებასაც და ქალაქსაც.

- საზოგადოებას მოუწესრიგებელი გზები აღელვებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გადათხრილია და არ გაკეთებულა...

-  ამ თვალსაზრისით უკვე გავაქტიურდით. ნოემბერ-დეკემბერში 40-ზე მეტ ქუჩაზე მიმდინარეობს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაგვრჩა ერთი ქუჩა, სადაც ტექნიკური ინფორმაცია იყო დასაზუსტებელი. ამის შემდეგ გამოვაცხადეთ ტენდერი - ეს არის ქარვასლის მიმდებარე ტერიტორია. სხვა ყველა ძირითად ქუჩაზე, რომელიც იყო გადათხრილი და მიტოვებული, მასშტაბური სარეაბილიტაციო და კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს. ზოგიერთი დეკემბრის ბოლოს სრულდება, ზოგი გადადის მომდევნო წელს, ვინაიდან გარდამავალი პროექტებია. შევიმუშავეთ პოლიტიკა, შევთანხმდით ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან”, რათა სწრაფად მოხდეს იმ ქუჩების აღდგენა, სადაც წყლის მილებს გამოცვლიან. 80-ზე მეტ ქუჩაზე წყლის სისტემები გამოიცვლება თუ არა, უმალ დაიწყება მათი რეაბილიტაცია.

- თუ არსებობს სტრატეგია, რომლის მიხედვითაც კონკრეტული დროისთვის დედაქალაქის ყველა ქუჩა მოწესრიგებული იქნება?

- ასეთ სტრატეგიაზე ვმუშაობთ, მუნიციპალური გზების მოწესრიგების გეგმა გვექნება. იგი, ერთი მხრივ, დამოკიდებულია სხვა სერვისის მიმწოდებელ კომპანიებზე - ”ყაზტრანსგაზი”, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” და სხვა. მეორე მხრივ, ჩვენ ვიცით, რომელი ქუჩა როდის გამოვა მწყობრიდან, რათა შემდეგ სტრატეგიულ დოკუმენტში მისი მოწესრიგების სამუშაო გავითვალისწინოთ.

- დიდი პრობლემაა დაუმთავრებელი ბინათმშენებლობები. ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?

- ეს კომპონენტი ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ. ერთი კერძო მშენებლობები და მეორე კოოპერატიული ბინათმშენებლობები, რომელიც დიდი ხნის წინათ შეჩერდა. კერძო მშენებლობებთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს საგადასახადო სტიმულირების ინსტრუმენტზე, რათა კომპანიებს ინტერესი გაუჩინონ. რაც შეეხება იმ მშენებლობებს, სადაც ჩვენ გვქონდა პასუხისმგებლობა აღებული, ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 5 მილიონი ლარი სამი კორპუსის დასასრულებლად. ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მშენებლობებს ბოლომდე მივიყვანთ. რაც შეეხება, ძველ, ისტორიულ უბნებში დაზიანებული შენობების ადგილას ახალი სახლების მშენებლობას, აქ რამდენიმე შეთავაზება გვაქვს ინვესტორებთან. ნაწილს ჩვენ ვაკეთებთ (თბილისის განვითარების ფონდის მეშვეობით გაკეთდება პროექტი), მაგრამ უფრო მეტად ინვესტორებს ვუხმობთ. ამჟამად ორ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა გაისად უკვე დაიწყონ მუშაობა. ჩვენ კი მათ ვპირდებით, რომ მოსახლეობას ქირით თავად გავიყვანთ და თანხას გადავუხდით. ასევე კომუნიკაციის სისტემას მოვუწესრიგებთ, რათა ამგვარი პროექტების მიმართ ინვესტორთა ინტერესი გაიზარდოს. ახალი მშენებლობის დაწყება იგეგმება ჩუღურეთსა და ნაძალადევში.

-  ქალაქის მერიის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა საცობებია. როგორ აპირებთ ამ პრობლემის გადაჭრას?

- საცობები ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, თუმცა დაუძლეველი არ არის. ამ პრობლემის ნაწილობრივ შემსუბუქება შესაძლებელია. ამისთვის შევქმენით საკოორდინაციო ჯგუფი, სადაც ჩართულია თბილისის საკრებულო, საპატრულო პოლიცია, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები. უპირველესად, ჩატარდება კვლევა, რომელიც სატრანსპორტო ნაკადებსა და მარშრუტებს შეისწავლის. მეორე მხრივ, ჩვენ ვაკეთებთ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, გზების შეკეთებას, ჩაწეული თავსახურების გასწორებას გზის ზედაპირთან. პუშკინის გამზირზე აღდგება ორმხრივი მოძრაობა, იგეგმება სანაპიროს გაფართოება ”ლაგუნა ვერესთან” და ა.შ. ასეთი პროექტების განხორციელებით ცალკეული უბნების განტვირთვა მოხდება.

მნიშვნელოვანია ის, რომ გაზაფხულისთვის დავასრულებთ შუქნიშნების პროექტს, რომელიც თანამედროვე სისტემაზეა დაფუძნებული. ამ ყველაფერმაც გარკვეული შედეგი უნდა მოგვცეს. შესაძლებელია საზოგადოებისთვის ინფორმაციული კამპანიის ჩატარება, რომ ავტომობილები უადგილო ადგილას არ გააჩერონ და მოწესრიგებულად იმოძრაონ. ამასთანავე, საპატრულო პოლიციიდან ოპერატიულად მივიღებთ ინფორმაციას ცალკეულ უბნებში არსებული შემაფერხებელი ფაქტორების შესახებ, რათა დაზიანებული უბნების სწრაფი აღდგენა მოხდეს. გადაწყვეტილი გვაქვს სხვადასხვა ტერიტორიაზე პარკირების გაუქმება, ვინაიდან ესეც ხელს უწყობს საცობს. რამდენიმე კომპლექსური ღონისძიების განხორციელებით ჩვენ შევძლებთ საცობების შემცირებას, რათა ქალაქში სწრაფი გადაადგილება იყოს შესაძლებელი.

- ადრე განიხილებოდა მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა. ეს ინიციატივა დღესაც ძალაშია?

-  ჩვენ გვაქვს პარკირების თანამედროვე მოდელი, რომლის განხორციელებასაც 2015 წელს დავიწყებთ. პირველი ასეთი პროექტი დაიწყება თბილისის მერიის გვერდით, სადაც მრავალსართულიანი პარკინგი მოეწყობა და ამისთვის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ 1,5 მილიონი ლარი. მეორე მხრივ, გამოვაცხადებთ ტენდერს და კერძო სექტორს გადავცემთ მიწას, სადაც მათ შეუძლიათ მრავალსართულიანი ნაგებობა ააშენონ და მიიღონ პარკირების საფასური. დაინტერესებული კომპანიები უნდა მოემზადნონ.

- პუშკინის ქუჩასთან დაკავშირებული პროექტი როგორია?

-  პუშკინის ქუჩასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ კომისიაზე, საჯარო განხილვა გვქონდა და სამი ყველაზე საუკეთესო პროექტი შევარჩიეთ. პირველადგილოსანი პროექტი გულისხმობს არსებულ გზის პარალელურად ოდნავ ზემოთ გაუკეთდეს მეორე გზა, რომელიც საყრდენ ბოძებს დაეყრდნობა. იგი ფორმით შესაბამისობაში მოვა ქალაქის ისტორიულ ნაწილთან. კონკრეტული პროექტი მომზადდება ზამთრის განმავლობაში, რათა გაზაფხულზე უკვე ტენდერზე გავიდეს და დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.

-  ქალაქში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერია აპირებს ტრანსპორტის ფორმირებას, საუბარია უკვე მივიწყებული ტრამვაის აღდგენაზე. საჰაერო ტრანსპორტზეც კი. რას გვეტყვის დედაქალაქის მერი ამასთან დაკავშირებით?

- ინფორმაციები, რომლებიც დროდადრო ვრცელდება, რეალობას მოკლებულია, ანუ ჭორია. ჩვენ ერთადერთ მოლაპარაკებას ვმართავთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რათა დაგვეხმარონ ახალი ავტობუსების შემოყვანაში. ესენია, თანამედროვე ავტობუსები, რომლებიც ალტერნატიულ ენერგიაზე მუშაობენ და იმავდროულად ადაპტირებულნი არიან შშმ პირებისთვის. ვგეგმავთ, რომ შემდგომი 5-6 წლის განმავლობაში ავტობუსების პარკი სრულიად შევცვალოთ. გვინდა, ყოველწლიურად 100 ერთეულით განახლდეს პარკი. ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯს გადავდგამთ მას შემდეგ, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება ევრობანკისგან კრედიტის აღების ან ლიზინგის თანხმობას მოგვცემს. პროექტის დაწყებას მომავალი წლის შემოდგომიდან ვფიქრობთ, რათა 2016 წლიდან პირველი ასეთი ავტობუსი შემოვიდეს.

დედაქალაქში მეტროს ერთ-ერთი სადგურის დამატებაც მოხდება, სადგურ ვაჟა-ფშაველას გაგრძელება უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე, რომელსაც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაო ძალიან მალე დაიწყება. დაგეგმილი გვაქვს მეტროს სისტემის განახლება, ნაწილ-ნაწილ ესკალატორების გამოცვლა, ვაგონების მოდერნიზაცია.

-  როდის დასრულდება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა?

-  შემოვლითი გზა, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადის - ეს არის ცენტრალური ხელისუფლების ქვემდებარე პროექტი, რომელიც მომდევნო წელს უნდა დასრულდეს, რათა თბილისი სატრანზიტო ავტომობილებისგან გათავისუფლდეს. რაც შეეხება ვაშლისჯვრის გზას, იქ იგეგმება ასასვლელ-ჩამოსასვლელის გაკეთება, რისთვისაც 2015 წელს გამოვაცხადებთ პროექტირებას და დავიწყებთ მის განხორციელებას. თუ პროცესი დროულად დასრულდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე თვეში დაიწყოს ამ გზის მშენებლობა.

- მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2015 წლის ნოემბრიდან საყოველთაო კომუნალური დახმარება შეწყვიტოს, როგორი იქნება ახალი სისტემა?

- იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70-ათასზე ქვემოთაა, კომუნალური დახმარება უორმაგდებათ და თვეში 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარს მიიღებენ. რაც შეეხება სხვა სოციალური კატეგორიის ოჯახებს, მათთვის დაფინანსების სისტემების მოდელს შეიმუშავებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რათა მომდევნო წლის შემოდგომისთვის უფრო დახვეწილი სისტემა გვქონდეს. ჩვენი წინამორბედები დახმარებას ყველას ერთნაირად აძლევდნენ, რაც ჩვენი აზრით, მიუღებელია. სოციალური სტატუსისა და გადახდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვაუჩერები დიფერენცირებული უნდა იყოს. მონახაზი გვაქვს გაკეთებული, მაგრამ სჯობს, ამაზე სამუშაო ჯგუფმა იმსჯელოს. ყველაფერი აწონ-დაწონოს და ამის შემდეგ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.

-  დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატების ნაწილი სახელფასო დანამატების დანიშვნას ითხოვს. ამ ინიციატივას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. თქვენი აზრი როგორია?

- საკრებულოს წევრებს, რომლებიც პარალელურად სხვადასხვა კომისიის ხელმძღვანელები არიან, აქვთ დაბალი ანაზღაურება. ვფიქრობ, შესაძლებელია, მათ დანამატის სახით ჰქონდეთ ანაზღაურების ერთმაგი ოდენობა, უბრალოდ, ამაზე მეტი არ უნდა იყოს. საკრებულოში ძალიან ბევრი საკითხი მუშავდება, რასაც თან ახლავს პასუხისმგებლობა, ამიტომ საკრებულოს წევრებს შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”