ვინ რამდენ პროცენტში გვაძლევს სესხს - საქართველო და მევალეები

2021 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.002 მლრდ დოლარს შეადგენს, საიდანაც მთავრობის საგარეო ვალდებულებები 7.521 მლრდ დოლარია, საქართველოს ეროვნული ბანკის - 481.496 მლნ დოლარი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) მსოფლიო ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). ამასთან, საქართველოს მევალეები არიან სხვა ორმხრივი კრედიტორებიც, მათ შორის, ამერიკა, გერმანია, რუსეთი, ყაზახეთი, ჩინეთი და ა.შ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა პროცენტში აქვს ქვეყანას ვალი აღებული ამა თუ იმ კრედიტორისგან.

ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სახელმწიფო ვალის დოკუმენტის მიხედვით, (2021 წლის 31 მაისის მდგომარეობით) საქართველოს ყველაზე ძვირი უჯდება გერმანიისგან (KFW) აღებული 8.859 მლნ დოლარის ვალის მომსახურება, საპროცენტო განაკვეთი სესხის ამ მოცულობაზე 6,68%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში საქართველოს KFW-სგან აღებული აქვს 733.721 მლნ დოლარის ვალი 11 ტრანშად. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 0,25%-ს, მაქსიმალური კი 6,68%-ს.

რაც შეეხება სხვა ორმხივ კრედიტორებისგან აღებული ვალების საპროცენტო განაკვეთებს, ასე გამოყურება:

  • ნიდერლანდები - 4,20%, 5,10% (სესხი რამდენიმე ტრანშად)
  • აზერბაიჯანი - 4%
  • რუსეთი - 4%
  • ყაზახეთი - 4%
  • თურქმენეთი - 4%
  • თურქეთი - 3,13%
  • ირანი - 3%
  • სომხეთი - 3%
  • უზბეკეთი - 3%
  • უკრაინა - 3%
  • ჩინეთი - უპროცენტო - 0%
  • იაპონია - 0,01%-დან 2,30%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)
  • ქუვეითი - 2,50%; 3% (სესხი რამდენიმე ტრანშად)
  • აშშ - 1,5%-დან 2,50%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)
  • საფრანგეთი - 0,17%-დან 1,41%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)

განსხვავებით ქვეყნებისგან, როგორც წესი, დაბალია მრავალმხრივი კრედიტორებისგან აღებულ ვალზე საპროცენტო განაკვეთი. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. ყველაზე ძვირად 2,15%-ად საქართველოს ვალი აღებული აქვს მსოფლიო ბანკის, განვითარების საერთაშორისო ასოციაციისგან (IDA). თუმცა მხოლოდ ნაწილი, IDA-სგან აღებული ვალის ნაწილზე საპროცენტო განაკვეთი 2%-ს შეადგენს, ნაწილზე კი 0,75%-ს.

სხვა მრავალმხრივი კრედიტორებისგან აღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთები კი ასეთია:

  • განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (WB - IBRD) - 0,57%-დან 1,39%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)
  • სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 0,71%-დან 2%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF EFF,MOF) - 1,05%
  • ევროგაერთიანება (EU) - 0,13%-დან 1,25%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)
  • აზიის განვითარების ბანკი (ADB) - 0%-დან 0,97%-მდე
  • აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკი (AIIB) - 0,30%-დან 1,68%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)
  • ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - 0%-დან 0,39%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - 0,33%-დან 1,93%-მდე (სესხი რამდენიმე ტრანშად)
  • სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - 2%