"ოცნების" უგუნურების გამო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველო 300 მილიონ ლარს კარგავს"

ხელისუფლების დანაშაულებრივი უგუნურების გამო, დღეს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველო 300 მილიონ ლარს კარგავს, -ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. როგორც გეგელია აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ არ გაატარა სასამართლო რეფორმა, რითაც სახელმწიფო ინტერესს პარტიული ინტერესი კიდევ ერთხელ ამჯობინა.

“ქართული ოცნების” ლიდერების ღრმა არაადეკვატურობას დღეს უკვე სახელმწიფო ინტერესი ეწირება. ხელისუფლების დანაშაულებრივი უგუნურების გამო, დღეს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველო კარგავს 300 მილიონ ლარს, რადგან “ქართულმა ოცნებამ” არ გაატარა სასამართლოს რეფორმა და სახელმწიფო ინტერესს კიდევ ერთხელ ანაცვალა პარტიული ინტერესი. რაც უარესია, ახლა მთავრობა ცდილობს საზოგადოება მოატყუოს და საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს თვითონ ამბობდეს უარს დახმარებაზე, რომელსაც ამ ხელისუფლებას თავისი ანტისახელმწიფოებრივი მავნებლობის გამო არ აძლევენ.

დღეს ცრუპენტელა სპიკერები ვითომდა გაოცებულები კითხულობენ, რა კავშირია ამ დახმარებასა და პოლიტიკურ შინაარსს შორის? მინდა მათ შევახსენო 7 საკვანძო ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება 2021 წლის 1 აპრილს, სახელმწიფო დეპარტამენტის, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის სხვადასხვა ანგარიშები. თვეების განმავლობაში დასავლელი პარტნიორები სისტემატიურად აფრთხილებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და უსვამდნენ ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველო ვერ მიიღებდა მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილს იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” განაგრძობდა მიშელის ხელშეკრულების დარღვევას და არ გატარდებოდა ამბიციური სასამართლო რეფორმა.

ნაცვლად იმისა, ხელისუფლებამ აღიაროს თავისი უმძიმესი ანტისახელმწიფოებრივი საქციელი, დღეს ის გვეუბნება, რომ თურმე ქართული ეკონომიკა აყვავებულა და ამიტომ აღარ არის დამატებითი დახმარების მიღების საჭიროება. ვინ ამბობს ამას? ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროსაც საგარეო ვალი 24 მილიარდ ლარს გაუტოლდა. მაშინ როდესაც ქვეყანაში უმძიმესი ჯანდაცვის კრიზისია, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს მოუწოდებს ჟანგბადი გამოზოგონ, როდესაც სიღარიბე და უმუშევრობა ახრჩობს ადამიანებს, როდესაც პანდემიასთან ომში მწარედ ვმარცხდებით, ასეთ პირობებშიც კი მთავრობას ჰყოფნის თავხედობა თქვას, რომ თურმე 300 მილიონი ლარის ოდენობით დახმარება არაფერში სჭირდება. ეს სხვა არაფერია, თუ არა იმ მიკრო-გენოციდის გაგრძელება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” თავის ხალხს მოუწყო მსხვერპლშეწირვის სახით.

სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” უგუნურებისა და უტიფრობის გამო საქართველო არამარტო 300 მილიონ ლარს კარგავს, არამედ უმძიმეს ზიანს აყენებს საინვესტიციო კლიმატს და იმ მჭიდრო პოლიტიკურ პარტნიორობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპულ კავშირთან გააჩნია. დღეს ანტიქართული ხელისუფლება მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად სპობს ათწლეულების განმავლობაში ეტაპობრივად ნაშენებ ნდობას და პარტნიორობას. ამ ყველაფრის მიზანია საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლირება და მისი პუტინისა და ლუკაშენკოს გზაზე დაყენება”, - განაცხადა გეგელიამ.