ევროკავშირში უფროსი ასაკის მოსახლეობის 70% სრულად ვაქცინირებულია. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაინმა გააკეთა.
ზაფხულის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის, სულ მცირე, 70%-ის სრულად აცრა ევროკავშირის მიერ დასახული მიზანი იყო.
„ევროკავშირში უფროსი ასაკის მოსახლეობის 70% უკვე სრულად არის აცრილი. ეს არის 250 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც დიდი შედეგია და გვიჩვენებს, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ერთად," - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მან ხაზი გაუსვა, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვინც ჯერ არ აცრილა, ეს აუცილებლად გააკეთოს, რათა ახალი ტალღა და ვირუსის ახალი შტამები თავიდან აიცილონ.
"ჩვენ, ასევე, ვაქცინაციაში სხვა ქვეყნებს დავეხმარებით. ამისთვის ევროკავშირი უკვე ბევრ რამეს აკეთებს: ვახორციელებთ ვაქცინების ექსპორტს და ვჩუქნით პარტნიორ ქვეყნებს. ჩვენ COVAX პროგრამის წამყვანი პარტნიორები ვართ, მაგრამ გასაკეთებელი უფრო მეტია და ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორების მხარდაჭერას. პანდემია დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მსოფლიოს ყველა კუთხეში დამარცხდება,” - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ვაქცინების მიწოდების შეფერხების, ასევე, ასტრაზენეკას ვაქცინით გამოწვეული ეჭვების გამო, ვაქცინაციის კამპანია ევროკავშირში, ბრიტანეთთან და აშშ-სთან შედარებით, ნელა დაიწყო. თუმცა მეორე კვარტლის შემდეგ, მომარაგების მკვეთრი ზრდის შედეგად ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდა.
ამჟამად, ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაშია, რომელთაგან ზოგიერთ ქვეყანაში მოზრდილთა 90%-ზე მეტი, მინიმუმ, პირველი დოზით აცრილია. ყველაზე მეტად რუმინეთი და ბულგარეთი ჩამორჩებიან: რუმინეთში ორივე დოზით მოზრდილთა, დაახლოებით, 32%, ბულგარეთში კი 20% არის აცრილი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ