კვლევა - ჰაერის დაბინძურების შედეგად მილიარდობით ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება

მსოფლიოში თითოეული მოქალაქე ჰაერის დაბინძურების დღევანდელი დონის შედეგად საშუალოდ სიცოცხლის 2.2 წელს კარგავს, - ამის შესახებ აღნიშნულია ჩიკაგოს უნივერსიტეტის ანგარიშში - ჰაერის ხარისხის სიცოცხლის ინდექსში (AQLI).

ანგარიშის თანახმად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურება მოწევაზე, ავტოსაგზაო შემთხვევებსა და აივ ინფექცია/შიდსზე უფრო დიდი „მკვლელია.“

AQLI-ში ასევე აღნიშნულია, რომ მთავარი დამაბინძურებელი წიაღისეული საწვავის წვაა. ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა ინდოეთია, სადაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ დაახლოებით 6 წლით მცირდება. მეცნიერების განმარტებით, ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ტყის ხანძრები.

„ჩვენ არა მხოლოდ ვუშვებთ ჰაერის დაბინძურებას, არამედ რეალურად ვიწვევთ კიდეც მას,“- აცხადებს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ გრინსტოუნი და ქვეყნებს სუფთა ენერგიაზე გადასვლისა და არსებულ ელექტროსადგურებზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ზომების გატარებისკენ მოუწოდებს.

ანგარიშის თანახმად, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მოიმატებს, თუ ჰაერის დაბინძურების დონე მათ ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინების მიხედვით შემცირდება, იმ შემთხვევაში კი, თუკი მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების შემცირების კუთხით არაფერი შეიცვლება, ადამიანები, მილიარდობით წელს დაკარგავენ.

AQLI ანგარიში ემყარება კვლევას, რომელიც მეტად და ნაკლებად დაბინძურებულ გარემოში მცხოვრები ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებელს ადარებს. კვლევის თანახმად, ნაადრევი სიკვდილის ყველაზე დიდი მიზეზი გულისა და ფილტვის პრობლემებია.