ირაკლი ღარიბაშვილი - რიკოთის მსგავსი მასშტაბის და სირთულის პროექტები ქვეყანაში არ განხორციელებულა

რიკოთის მონაკვეთზე შენდება 96 ხიდი და 53 გვირაბი, ასეთი მასშტაბის და ამ სირთულის პროექტები ქვეყანაში არ განხორციელებულა. ესაა ევროპის მასშტაბით მართლაც გამორჩეული პროექტი, ჯდება 2 მილიარდ ლარზე მეტი და პროექტი სრულად დასრულდება 2024 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რიკოთის უღელტეხილზე განუცხადა, სადაც ახალი მაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

მთავრობის მეთაურის თქმით, შედეგად მოქალაქეები თბილისიდან ბათუმში 3 საათში გადაადგილდებიან.

„3 საათში გახდება შესაძლებელი თბილისიდან ბათუმში ჩასვლა. ამას გარდა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მასშტაბურ სამუშაოებს ყველა მიმართულებით. ყველა რეგიონის მიმართულებით ვიწყებთ ახალი მაგისტრალების მშენებლობას, იქნება ეს კახეთის მაგისტრალი, სამხრეთის მონაკვეთის დასრულება თუ ა.შ. ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ არის შემადგენელი ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი მაგისტრალის, რომელიც იწყება ბრესტიდან და მთავრდება ჩინეთის საზღვრამდე. სწორედ ჩვენი მონაკვეთია უმნიშვნელოვანესი, ეს არის 388-კილომეტრიანი მონაკვეთი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოხარული ვართ, რომ აქ დასაქმებული მოქალაქეების 70% ქართველია, ისინი ძალიან დიდ გამოცდილებას იღებენ. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს ძალიან წარმატებული მუშაობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.