როდიდან მოუწევთ მოლების აუცრელ თანამშრომლებს საკუთარი ხარჯებით ტესტირება - „ინდივიდუალური არჩევანია - გადაიხდის ტესტირების ფულს, თუ აიცრება“

ინდივიდუალური არჩევანია - გადაიხდის ტესტირების ფულს, თუ აიცრება - ამის შესახებ „ბიბესპრესნიუსთან“ საუბრისას „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რევაზ მაღალაშვილმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, აუცრელი დასაქმებული ადამიანებისთვის კოვიდ ტესტირება შესაძლოა, ფასიანი გახდეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მყარი პოზიციაა, რომ აუცრელი მოქალაქეებისთვის კოვიდ ტესტირება ფასიანი უნდა იყოს.

,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როდიდან გახდება ფასიანი და მოუწევთ თუ არა სავაჭრო ცენტრების აუცრელ თანამშრომლებს საკუთარი ხარჯით გატესტვა.

„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ ჯერ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა ინდივიდუალური არჩევანია, აიცრება ადამიანი, თუ გადაიხდის ტესტირების საფასურს.

,,მე როგორც ვიცი 1-ლი ოქტომბრიდან შევა ეს ცვლილება ძალაში. ამ თემაზე ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ჯერ არ გვქონია. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, დარჩება თუ არა ისევ სავალდებულო ყოველ 2 კვირაში თანამშრომლების ტესტირება. ეს თუ ასე მოხდა აუცრელ მოქალაქეებთან დაკავშირებით, ეს უკვე ჩვენი ინდივიდუალური ხარჯი გახდება.

ჩვენი თანამშრომლები ინფორმირებული იქნებიან, ეს არის მთავარი. ყველას ინდივიდუალური არჩევანია, გადაიხდის ტესტირების ფულს თუ აიცრება. ჩვენ ჩვენის მხრივ ვაწარმოებთ შესაბამის კამპანია ვაქცინაციის შესახებ, თუმცა ნამდვილად ვერავინ დავაძალებთ. იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა აიცრება და ამით გაუფრთხილდება როგორც საკუთარ, ასევე სხვების სიცოცხლეს და არ მოუწევთ არც ამ ხარჯის გაღება“- აცხადებს მაღალაშვილი.

თამარ მუკბანიანი