Petrocas Energy Group "როსნეფტთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქართველი ბიზნესმენის დავით იაკობაშვილის კუთვნილი კომპანია Petrocas Energy Group ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, "როსნეფტის" მიერ "პეტროკასის" აქციების 49%-პროცენტიანი პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით.

როგორც Petrocas Energy Group-ის განცხადებაშია აღნიშნული, PetrocasEnergyInternational-მა და სს "როსნეფტმა" თავისი შვილობილი კომპანია RN-Foreign Projects-ის მეშვეობით ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც "როსნეფტმა" შეისყიდა Petrocas-ის აქციების 49-პროცენტიანი პაკეტი ერთობლივი კომპანიის შექმნის მიზნით სამხრეთ კავკასიის და კასპიის რეგიონში.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გარიგება წარმოადგენს ქართული ბიზნეს-ჯგუფის დიდ წარმატებას და საქართველოს სატრანზიტო კორიდორის მნიშვნელობის აღიარებას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო სანავთობო კომპანიის მიერ, რაც კიდევ უფრო სტაბილურს გახდის ამ მარშრუტს მომავალში. ერთობლივი საწარმოს შექმნით, Petrocas-ი განიმტკიცებს ლიდერის პოზიციებს როგორც რეგიონის სატრანზიტო და სათრეიდინგო მიმართულებებით, ასევე ნავთობპროდუქტების საცალო ბაზარზე მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების მოსახლეობისათვის უფრო სტაბილური მიწოდების გზით. ხაზგასასმელია, რომ Petrocas-ის საკონტროლო პაკეტი რჩება ქართული მხარის ხელში, ხოლო RN-Foreign Projects-ი ერთობლივ კომპანიაში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე სპეციალისტით. დიდიე კაზიმირო, "როსნეფტის" ვიცე-პრეზიდენტი ვაჭრობისა და ლოგისტიკის მიმართულებით: "ახლად შექმნილი ერთობლივი კომპანია "როსნეფტს" აძლევს საშუალებას, რომ გაზარდოს მისი ყოფნა მნიშვნელოვან ბაზარზე. ჩვენ ვიძენთ ძლიერ პარტნიორს რეგიონში. ეს გარიგება ადასტურებს "როსნეფტის" ერთგულებას, გააძლიეროს ენერგეტიკული ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხაზს უსვამს ასეთი პარტნიორობის როლის მნიშვნელობას ენერგორესურსების სტაბილური მიწოდების სფეროში. ეს შეთანხმება ჩვენ საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ არსებული კომპანიის ბიზნესის ეფექტურობა და გავაფართოვოთ მიწოდების პორტფელი, რაც საწინდარს ჩაუყრის კომპანიის განვითარებას. "როსნეფტისა" და Petrocas-ის ერთობლივი კომპანიის შექმნით წარმოიქმნება სინერგია, რაც დაფუძნებულია Petrocas-ის დიდ რეგიონალურ გამოცდილებაზე და "როსნეფტის" ფართო შესაძლებლობებზე".

დავით იაკობაშვილი, Petrocas-ის მთავარი აქციონერი:

"ჩვენ წინ გვეშლება დიდი შესაძლებლობები ერთობლივი კომპანიის შექმნით. ეს გარიგება არის ხაზგასმა Petrocas-ის წარმატებისა, როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშის, რომელმაც სარგებელი უნდა მოუტანოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ეს არის სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული კორიდორის უდიდესი მნიშვნელობის აღიარება".

ზემოთ ხსენებული ბიზნეს გარიგება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას კიდევ უფრო აამაღლებს, მოიზიდავს მეტ სატრანზიტო ტვირთს, გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის სახელმწიფოს შემოსავლებს. Petrocas-ი წარმოადგენს რეგიონის მოთამაშეს ნავთობპროდუქტების ლოგისტიკის, ვაჭრობისა და საცალო გაყიდვების სფეროში. ამჟამად ის ფლობს ნავთობპროდუქტების ტერმინალს ფოთის პორტში. Petrocas-ის ჯგუფში შემავალი "გალფის" ბენზინგასამართი სადგურების ქსელი უდიდესია ქვეყანაში და მოიცავს 140 სადგურს. სს "როსნეფტი" არის რუსეთის მულტინაციონალური სანავთობო კომპანია, რომლის აქციების 19.75 პროცენტს სანავთობო კომპანია BP ფლობს, ხოლო აქციების 10.75-ის ვაჭრობა საფონდო ბირჟებზე ხდება, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე", - ნათქვამია Petrocas Energy Group-ის განცხადებაში.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი, თუმცა აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს რჩება. ამ დრომდე უცნობია გარიგების მოცულობა.