OPEC+ დღიური ნავთობმოპოვების პროგნოზს ზრდის

OPEC+ -მა მომავალი წლის ნავთობმოპოვების მოთხოვნაზე პროგნოზს გადახედა. ჯგუფის ექსპერტებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე გაზარდეს.

OPEC+ მოელის, რომ მიმდინარე წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა დღეში 5.95 მლნ ბარელამდე გაიზრდება. ეს მაშინ, როცა 2020 წელს, კოვიდპანდემიის გამო, დღიური ნავთობმოპოვება 9 მილიონ ბარელამდე შემცირდა.

პროგნოზის გაზრდის მთავარი არგუმენტი Brent მარკის ნავთობის მაღალი ფასია, რაც ბარელზე 72 დოლარზე მეტია და მრავალწლიან მაქსიმუმთან ახლოსაა.

ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი OPEC+ ერთობლივი ტექნიკური კომიტეტის (joint technical committee-JTC) სხდომაზე გადაიხედა, რომელმაც 2021-2022 წლებში ნავთობის ბაზრის მდგომარეობის შესახებ განახლებული ანგარიში წარმოადგინა. თუმცა ანგარიში ჯერ საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომიტეტის ანგარიში მიმდინარე წელს დღეში 0,9 მილიონი ბარელი ნავთობის დეფიციტს პროგნოზირებს, რადგან გლობალური მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. იმავე ანგარიშში თავდაპირველად მომავალი წლის პროფიციტად დღეში 2.5 მილიონ ბარელ ნავთობს პროგნოზირებდნენ, თუმცა შემდეგ პროფიციტის ოდენობა, მაღალი მოთხოვნის გამო, 1.6 მილიონ ბარელამდე შეამცირეს.

Reuters-ის წყაროს ცნობით, JTC-ის ანგარიშის დასკვნაში წერია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (Organization for Economic Co-operation and Development-OECD) ქვეყნებში, რომელიც, ძირითადად, განვითარებულ ქვეყნებს აერთიანებს, კომერციული მარაგი 2022 წლის მაისამდე 2015-2019 წლების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი იქნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ