პოლონეთში ველოსიპედისტებისთვის მოძრაობის წესები მკაცრდება

პოლონეთში ველოსიპედისტებისთვის, სკუტერების, მონობორბლებისა და ელექტრომობილების მომხმარებლებისთვის წესები გამკაცრდა. ისინი სიჩქარის გადაჭარბებისა და ქვეითებისთვის საფრთხის შექმნის გამო დაჯარიმდებიან. ინფორმციას Dziennik ავრცელებს.

ახალი წესების მიხედვით, ველოსიპედებმა და მცირე ზომის ელექტროსატრანსპორტო საშუალებებმა, ტროტუარზე ან ფეხით მოსიარულეთა ზონაში გადასვლის შემთხვევაში, ქვეითების სიჩქარის დონეზე უნდა იმოძრაონ და მათ პრიორიტეტი მიანიჭონ. პოლიცია ველოსიპედისტს ან სკუტერის მომხმარებელს 500 ზლოტით (130 დოლარით) დააჯარიმებს, თუ ის ტროტუარზე მაღალი სიჩქარით იმოძრავებს და ფეხით მოსიარულეებს გზას არ დაუთმობს.

ველობილიკებზე მოძრაობა არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით დაიშვება. თუ ქუჩაზე ველობილიკი არ არის, ხოლო მანქანებისთვის 30 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა მოქმედებს, ველოსიპედით და მცირე ზომის ელექტროსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა ნებადართულია პირველი ზოლის გასწვრივ. თუ მანქანისთვის ნებადართული სიჩქარე 30 კმ/სთ-ზე მაღალია, მსგავსი ტრნსპორტით გადაადგილება დასაშვებია ტროტუარზეც, ოღონდ ფეხით მოსიარულეთა სიჩქარით, რაც, დაახლოებით 6 კმ/სთ-ს შეადგენს. ამასთან, ქვეითებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ.

ამასთან, მოძრაობის დროს მობილური ტელეფონის გამოყენება 200 ზლოტით (52 დოლარით), ხოლო სკუტერით სხვა ადამიანისა და ცხოველის გადაყვანა, ასევე, უკანონო ტვირთის გადატანა 100 ზლოტით (26 დოლარით) ჯარიმდება. იგივე 100 ზლოტის (26 დოლარის) ჯარიმა არის გათვალისწინებული სკუტერიდან ან ველოსიპედიდან ჩამოუსვლელად „ზებრის" გადაკვეთისთვის.

გარდა ამისა, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ქვეშ ველოსიპედის, სკუტერისა და სხვა ელექტროსატრანსპორტო საშუალების მართვა 300-დან 500 ზლოტამდე (78-დან 130 დოლარამდე) დაჯარიმდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ