საბერძნეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე პრინციპული უარის გამო, 10 000-მდე სამედიცინო მუშაკი შესაძლოა, სამსახურიდან გაათავისუფლონ. ინფორმაციას Kathimerini ავრცელებს.
1-ლი სექტემბერი არის ბოლო დღე, როდესაც არავაქცინირებულმა მედიკოსებმა ვაქცინის პირველი დოზა უნდა მიიღონ, ხოლო 2 სექტემბრიდან ყველა ექიმს, ვისაც კორონავირუსი ბოლო 6 თვის განმავლობაში არ გადაუტანია და ვაქცინაციაზე უარს აცხადებს, უხელფასო შვებულებაში გაუშვებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იანის ქოთსიოპულოსის თქმით, ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში ასეთი მუშაკი, დაახლოებით, 10 000-ია. სამედიცინო დაწესებულებები თანამშრომლების შეცვლის სქემებსაც ამზადებენ, რათა პერსონალის დეფიციტის პრობლემები არ შეიქმნას.
ბოლო მონაცემებით, ბერძენი ექიმების 90%-ზე მეტი და ექთნების, დაახლოებით, 80% კორონავირუსის ვაქცინით აცრილია. თუმცა ჯანდაცვის დაწესებულებების არასამედიცინო პერსონალს შორის ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია.
გასულ კვირას, სახელმწიფო საავადმყოფოების 300-მდე ექიმმა მუშაობა ხუთი საათით შეაჩერა და სავალდებულო ვაქცინაციის გასაპროტესტებლად ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან შეიკრიბა.
ჯანდაცვის დაწესებულებებისა და მზრუნველობის სფეროს მუშაკებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია საფრანგეთმაც შემოიღო, სადაც ვაქცინაციის დასრულების ბოლო ვადა 15 ოქტომბერია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ