Google-მა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნების თარიღი ისევ გადასწია

კომპანიამ Google გადაწყვიტა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნების თარიღი გადაწიოს 2022 წლის 10 იანვრამდე, იმ ფონზე, როცა შტატებში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები იმატებს. ამის შესახებ კომპანია Alphabet-ის დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ თანამშრომლებს დაგზავნილი წერილებით ამცნო.

2022 წლის 10 იანვრის შემდეგ კი კომპანიის სხვადასხვა ოფისებს უფლებას მისცემენ, თავად გადაწყვიტონ, როდიდან აკრძალონ სახლიდან დისტანციურად მუშაობა მათთან დასაქმებულებისთვის. პიჩაის თქმით, ოფისში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება ყველა თანამშრომელს ეცნობება 30 დღის ვადაში.

გარდა ამისა, 22 ოქტომბერი და 17 დეკემბერი იქნება ოფისის ყველა თანამშრომლისთვის დასვენების დღე.

პიჩაის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, კომპანიის ოფისები ეტაპობრივად იხსნება და იქ ხალხი მუშაობს ნებაყოფლობით. ასევე, იქ იმართება გუნდური ღონისძიებები და ე.წ. ბრეინშტორმინგები.

მანამდე Google-მა თანამშრომლების დისტანციურიდან ოფისებში დაბრუნების თარიღი სექტემბრიდან ოქტომბრამდე გადაწია. კომპანიაში ამავდროულად აპირებდნენ თანამშრომლებისგან მოეთხოვათ სავალდებულო ვაქცინაცია.

კოკა კვირკველია