ბერნარ არნომ „კარფურის“ აქციები გაყიდა

ფრანგმა მილიარდერმა ბერნარ არნომ, სუპერმარკეტების ჯგუფ „კარფურის“ მისი კუთვნილი აქციები სრულად გაყიდა. არნო „კარფურის“ აქციონერი პირველად 14 წლის წინათ გახდა. დღეს სუპერმარკეტების ჯგუფის სრულად შესყიდვა კანადურ „კუშე-ტარს“ სურს.

არნო „კარფურის“ აქციებს, საფინანსო ჰოლდინგ „ფინანსიერ აგაშეს“ ხელით ფლობდა. ამ ჰოლდინგმა „კარფურის“ აქციების გაყიდვით, 724 მილიონი ევრო (854 მილიონი დოლარი) მიიღო. გაყიდვა დაჩქარებულად, პარტნიორ „სოსიეტე ჟენერალის“ მონაწილეობით მოხდა. სავაჭრო დღის დასაწყისში, „კარფურის“ აქციების ფასი 5 პროცენტზე ოდნავ მეტით დაეცა.

„აგაშემ“ თითოეულ აქციაში, 16 ევრო მიიღო. არნომ „კარფურის“ აქციების 9.8 პროცენტი 2007 წელს, კომპანიების, „კოლონი კაპიტალის“ და „აქსონ კაპიტალის“ ხელით იყიდა და აქციაში საშუალოდ 47 ევრო გადაიხადა.

მას შემდეგ, „კარფურმა“ რამდენიმე ტრანსფორმაცია განიცადა, რის შემდეგაც, რამდენიმე კომპანია მოიშორა, მათ შორის, სუპერმარკეტების ქსელი DUA. ამ გაყიდვებით მიღებულმა მოგებამ, აქციონერები ახეირა. და იმავდროულად, აქციების ფასმაც დაიკლო. ერთ დროს, არნო „კარფურის“ სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი იყო. დანარჩენი ორია მულენის ოჯახი და ბრაზილიელი ბიზნესმენი აბილიუ დუშ სანტუშ დინისი.

მაისში „კარფურმა“ თანამდებობაზე დატოვა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი ალექსანდრე ბომპარი, ვისაც კომპანიის რეორგანიზაცია აქვს დაწყებული. მისი გეგმის შესაბამისად, მომდევნო სამ წელიწადში, „კარფურმა“ ხარჯების შეკვეცის მიზნით, რეფორმები უნდა განახორციელოს და იმავდროულად, ინტენსიურად იმუშაოს ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის. კანადურ „კუშე-ტართან“ მოლაპარაკების დაწყებაც ბომპარის ინიციატივაა.