Amazon-ი 15 სექტემბრიდან 55 000 ვაკანსიას გამოაცხადებს

უახლოეს თვეებში Amazon-ი კორპორატიულ და ტექნოლოგიურ პოზიციებზე მსოფლიო მასშტაბით 55 000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ენდი იასიმ განუცხადა.

ენდი იასი, რომელიც Amazon-ის გენერალური დირექტორი ივლისში გახდა, აცხადებს, რომ კომპანიას მეტი ცოცხალი ძალა სჭირდება, რათა საცალო ვაჭრობის, ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისა და სარეკლამო ბიზნესის მოთხოვნებს არ ჩამორჩეს. მისი თქმით, ახალ თანამშრომლებს Amazon-ის ახალი ფსონიც მოითხოვს, რაც კომპანიამ, Project Kuiper-ის ფარგლებში, ორბიტაზე თანამგზავრების გაშვებით ფართოზოლიანი წვდომის გაფართოებაზე დადო.

Amazon-ის ყოველწლიური ე.წ. ვაკანსიების გამოფენა 15 სექტემბრიდან გაიხსნება, რაც, ენდი იასის თქმით, სამსახურში ხალხის მისაღებად კარგი დროა.

„პანდემიის დროს პოზიციების გადაადგილების ან შეცვლის შედეგად, ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდა და ბევრი ადამიანი სამსახურის გამოცვლაზე ან დაწყებაზე ფიქრობს,“ - აცხადებს იასი და კვლევითი კომპანია PwC-ის მიერ აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 65%-ს ახალი სამუშაოს დაწყება სურს.

ახალი თანამშრომლების აყვანით Amazon-ის ტექნოლოგიური და კორპორატიული პერსონალი 20%-ით გაიზრდება. ამჟამად ამ მიმართულებით მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით, 275 000 ადამიანი არის დასაქმებული.

Amazon-ის მარკეტინგული პოზიციები მოიცავს საინჟინრო, კვლევითი მეცნიერებისა და რობოტიკის პოზიციებს. კომპანიაში ეს პოსტები მეტწილად ახალია და კადრების ჩანაცვლებას, ანუ სამსახურიდან ადამიანების გაშვებას არ საჭიროებს. Amazon-მა, რომელსაც ადრე „ოფისზე ორიენტირებული კულტურა“ ჰქონდა, მოგვიანებით ეს ხედვა შეცვალა და თანამშრომლებს შესთავაზა, მომავალი წლიდან ოფისებში მხოლოდ კვირის სამი დღე გაატარონ.

Amazon თანამშრომელთა რაოდენობით აშშ-ში მეორე კერძო დამსაქმებელია. 2020 წელს კომპანიამ 500 000 ადამიანი აიყვანა სამსახურში და ძირითადად, სასაწყობე და მიწოდების ოპერაციებზე დაასაქმა. ამ სფეროში კომპანიას მნიშვნელოვანი ბრუნვა აქვს.

„Amazon კომპენსაციის მხრივაც მეტად კონკურენტუნარიანია. ჩვენ პირველებმა დავაწესეთ მინიმალური ანაზღაურება საათში 15 დოლარის ოდენობით, ზოგიერთ შტატში კი საწყისი საათობრივი ანაზღაურება 17 დოლარიდანაც იწყება,“ - აცხადებს ენდი იასი.

55 000 ვაკანსიიდან 40 000 აშშ-ს ფილიალებს შეეხება, დანარჩენი კი ინდოეთს, გერმანიასა და იაპონიას. გასულ წელს ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კომპანიას, მთლიანობაში, 22 000 ადამიანი შეუერთდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ