,,მთავარია, რამდენად რთული იქნება ამ შეღავათების მიღება“ - გასტრო-ტურიზმის ასოციაცია ,,აწარმოე საქართველოს“ ახალ კომპონენტზე

,,წინა შემთხვევაში, თითქოს მარტივი ჩანდა კრიტერიუმები, მაგრამ ბევრმა ვერ მოახერხა დაფინანსების მოპოვება“ - ამის შესახებ განცხადება გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ ,,აწარმოე საქართველოს“ იმ პროგრამის შეფასებისას გააკეთა, რომელიც 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა და რომელიც აგრო და ეკო-ტურიზმის მიმართულებას ეხება.

,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კვიჭიძე ამბობს, რომ პროგრამის წინა ეტაპზე კრიტერიუმები არ ჩანდა მკაცრი, თუმცა სექტორში არსებული კარგი კომპანიები მაინც მის მიღმა დარჩნენ.

,,თავისთავად პროგრამა დადებითია და მისასალმებელია, რომ აგრო ტურიზმს მიექცა ყურადღება და ამ მიმართულებით დაიწყო სახელმწიფომ ზრუნვა. ახლა მთავარია, რამდენად რთული იქნება ამ შეღავათების მიღება. წინა შემთხვევაში, თითქოს მარტივი ჩანდა კრიტერიუმები, მაგრამ ბევრმა ვერ მოახერხა დაფინანსების მოპოვება, თან საკმაოდ კარგმა კომპანიებმა, რომლებიც სექტორში არიან და ძალიან იყვნენ გულდაწყვეტილები. ვსაუბრობ სექტორში მოქმედ ძალიან კარგ კომპანიებზე“- განაცხადა კვიჭიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ტურისტული ნაკადები შემცირებულია, გასტრონომიული და აგრო ტურიზმის მიმართულება მზარდია.

,,რაც შეეხება გასტრო და აგრო ტურიზმს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ამ მიმართულებებზე მოთხოვნა და ინტერესი მზარდია. ეს გვაიმედებს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, ეს სექტორები გაძლიერდება.

პანდემიის ერთ-ერთი თავისებურებაა, რომ ტურისტულ კომპანიების ჯგუფები ინდივიდუალურმა ტურებმა ჩაანაცვლა და მათი მთავარი მოთხოვნა ძირითადად გასტრონომიული ტურიზმია“, - ამბობს ქეთი კვიჭიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, 1 სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ოთხი ახალი კომპონენტი ამოქმედდა. მათ შორის, აგრო და ეკო-ტურიზმის მიმართულებაცაა. ზემოხსენებული პროგრამა თავის მხრივ მოიცავს ლიზინგის, სესხის და საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას. მეწარმე სუბიექტისთვის სააგენტო ახორციელებს დამტკიცებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას, დამტკიცებული სესხის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, (ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%) და ამავდროულად სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.

პროგრამის ფარგლებში სესხის გაცემის შემთხვევაში მსესხებელი უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებით საგრანტო კომპონენტითაც, რომლის ფარგლებშიც გრანტის მოცულობაა დამტკიცებული სესხის/სალიზინგო პროექტის 15%, არაუმეტეს 500 000 ლარი.

თამარ მუკბანიანი