ილონ მასკმა ჯეფ ბეზოსი საჯაროდ გააკრიტიკა - მილიარდერები სატელიტური ინტერნეტისთვის იბრძვიან

ილონ მასკმა ჯეფ ბეზოსი საჯაროდ მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც სატელიტური ინტერნეტის საქმეზე Amazon-ის დამფუძნებელმა მასკის SpaceX-ს აშშ-ს ფედერალურ მარეგულირებელთან უჩივლა.

CNBC-ის ცნობით, ჯეფ ბეზოსმა კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას მიმართა თხოვნით, უარი ეთქვა Starlink-ის სატელიტურ ქსელში SpaceX-ის უახლეს შესწორების განხილვაზე. მასკის შეფასებით, ბეზოსს დავები განსაკუთრებით იზიდავს.

„SpaceX-ის წინააღმდეგ სარჩელების შეტანა, - ეს, ფაქტობრივად, მისი სრული განაკვეთის სამუშაოა,“ - წერს ილონ მასკი Twitter-ზე.

SpaceX-მა კომუნიკაციების ფედერალურ კომისიაში Starlink-ის პროექტისთვის შესწორება 19 აგვისტოს შეიტანა, რომელშიც Gen2 სატელიტური ქსელის შესახებ კომპანიის გეგმა არის მოცემული. როგორც ცნობილია, Starlink ათასობით სატელიტის გამოყენებით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხმარებლებისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდების პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ Starlink-ის სერვისი ჯერ კიდევ ბეტა, ანუ ტესტირების რეჟიმშია, კომპანიას 14 ქვეყანაში უკვე 100 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო პოტენციური კლიენტებისგან ნახევარ მილიონზე მეტი შეკვეთა აქვს. დღეისთვის SpaceX-ს 1740 Starlink-ის თანამგზავრი აქვს გაშვებული, ხოლო მთლიანობაში Gen2-ისთვის 30 000 თანამგზავრის გაშვება არის დაგეგმილი.

თავის მხრივ, Amazon საკუთარი სატელიტური ინტერნეტის პროექტ Project Kuiper-ზე მუშაობს. კომპანია 3236 დაბალორბიტალური ინტერნეტ-თანამგზავრის გაშვებას გეგმვს, რომელიც Starlink-ს კონკურენციას გაუწევს. თუმცა Amazon ჯერჯერობით SpaceX-ს ჩამორჩება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ თავისი ანტენების ქსელთან დამაკავშირებელი აპარატებით უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეტაპი დეკემბერში გაიარა, Amazon-ს თანამგზავრების წარმოება და გაშვება ჯერ არ დაუწყია. ჯეფ ბეზოსმა კომუნიკაციების ფედერალური კომისიისგან SpaceX-ის შესწორების გადავადება იმ არგუმენტით მოითხოვა, რომ ორბიტაზე ორი განსხვავებული კონფიგურაციის შეთავაზებით, ილონ მასკი კომისიის წესებს არღვევდა.

„თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დეტალის ღიად დატოვებით, როგორიცაა სიმაღლე, დახრილობა და თანამგზავრების საერთო რაოდენობაც კი, SpaceX-ის აპლიკაციას ყველა ტესტის გავლა არ შეუძლია,“ - აცხადებს ბეზოსის Project Kuiper-ის კორპორატიული მრჩეველი, მერაია დოდსონ შუმანი. მას SpaceX-ის თანამგზავრების პოლიტიკის დირექტორი, დევიდ გოლდმანი პასუხობს, რომ ბეზოსის კომპანია Starlink-ის განვითარების შეფერხებას ცდილობს, რათა Project Kuiper-მა დაკარგული შანსი დაიბრუნოს.

„კომისიამ უნდა აღიაროს, რომ გადავადების პოლიტიკით Amazon-ის ოჯახი ცდილობს, კონკურენტებს ხელი შეუშალოს, რათა მათ Amazon-ის უუნარობის კომპენსირება მოახდინონ,“ - აცხადებს დევიდ გოლდმანი. მისი თქმით, 15 თვეა, Amazon-მა ვერ წარმოადგინა ანგარიში, თუ როგორ მუშაობს მისი სისტემა, სამაგიეროდ კომპანია ყოველ 16 დღეში SpaceX-ის მუშაობას ასაჩივრებდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ