Ryanair-მა აგვისტოში 11 მლნ მგზავრი გადაიყვანა

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair აგვსტოში 11 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მაჩვენებლის 75%-ია. მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ Reuters განუცხადა, რომ ავიაკომპანიამ აგვისტოსთვის 10,5 მილიონი მგზავრის მიღების გეგმას გადააჭარბა.

Ryanair-მა, რომელიც ევროპაში მგზავრთა რაოდენობით უმსხვილესი ავიაკომპანიაა, აგვისტოს დატვირთვის კოეფიციენტით 82%-ს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილების, საშუალოდ, 18% არ შევსებულა. ო’ლირი პროგნოზირებს, რომ მგზავრთა დატვირთვა პანდემიამდელ დონეს ოქტომბერში დაუბრუნდება, ხოლო სექტემბერში ეს მაჩვენებელი 90%-მდე გაიზრდება.

თუმცა მთავარი აღმასრულებელი დირექტორი იმასაც ვარაუდობს, რომ ზამთარში Ryanair-ის თვითმფრინავები 15-20%-იანი ცარიელი ადგილებით იფრენენ მაშინ, როცა პანდემიამდე პერიოდის ზამთრის სეზონზე შეუვსებელი ადგილების მაჩვენებელი 7-8%-ს შეადგენდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ