მოხელე ქონების გარეშე - რა შემოსავალი აქვს ქვეყნის მთავარ ფინანსურ ზედამხედველს

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ვალერიან ხასაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 31 აგვისტოს შეავსო. როგორც დოკუმენტიდან ჩანს, მის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ფიქსირდება.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ვალერიან ხასაშვილი ფლობდა - "თიბისი ბანკის" სახელფასოზე - 3 885 ლარს; დანაზოგის სახით კი - 15 500 აშშ დოლარს.

ამასთან, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, 2020 წელს, აღნიშნულ თანამდებობაზე ხელფასის სახით - 81 807 ლარი, დანამატი კი - 4 532 ლარი აიღო.

აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ხასაშვილს მითითებული ჰქონდა, რომ ფლობდა 120 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2011 წელს ჩუქებით ჰქონდა მიღებული. მიმდინარე წელს, აღნიშნული უძრავი ქონებაც აღარ უფიქსირდება.

ცნობისთვის, ვალერიან ხასაშვილის სახელს უკავშირდება „თიბისის“ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციებზე გამოძიების დაწყება. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურას და ეროვნულ ბანკსაც სწორედ მან მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ხასაშვილს მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოსტი 2016 წლიდან უკავია, მანამდე კი სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზეც მუშაობდა.

ნინი ქეთელაური