პოლონეთის პრეზიდენტმა ბელარუსის მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ბელარუსის მოსაზღვრე ორი რეგიონის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბლაჟეი სპიჩალსკიმ განაცხადა.

პოლონეთმა ეს გადაწყვეტილება არალეგალური მიგრაციის ზრდის ფონზე მიიღო.

"სიტუაცია ბელარუსთან საზღვარზე რთული და სახიფათოა. დღეს პოლონეთი პასუხისმგებელია არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ევროკავშირის საზღვრების დაცვაზე, უნდა მივიღოთ ზომები პოლონეთისა და ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“- აღნიშნა ბლაჟეი სპიჩალსკიმ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ერაყელი და ავღანელი მიგრანტების ბლოკის წინააღმდეგ წარმოებულ "ჰიბრიდულ ომში" გამოყენებაში ადანაშაულებს.

ამასთან, მანამდე განცხადება გაავრცელა პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ პოლონეთი ღებულობს ყველა საჭირო ზომას იმისათვის, რომ აღკვეთოს ნებისმიერი საფრთხე, რომელიც შეიძლება შეიქმნას რუსული არმიის მიერ ბელარუსში ორგანიზებული სამხედრო წვრთნების დროს, რომელიც 10 სექტემბერს იწყება. სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, რა ზომებზე იყო საუბარი.