გერმანიის ცენტრალური ბანკი წყალდიდობით დაზიანებულ ფულს მოქალაქეებს უფასოდ უბრუნებს

გერმანიის ცენტრალურმა ბანკმა 50 მლნ ევროზე მეტი ბანკნოტი მიიღო, რომელიც ივლისში, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაზიანდა. ბუნდესბანკის განცხადებას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრალურ ბანკს კერძო პირებმა და ბანკებმა გადასცეს ბანკნოტები, რომლებიც წყალდიდობის დროს გაიჟღინთა და ნავთობით, კანალიზაციით ან ტალახით დაბინძურდა. დაზიანებულ ფულს აშრობენ, ამუშავებენ და შემდეგ მაინცში მდებარე ცენტრში ანადგურებენ, სადაც მანამდე ყალბ და დაზიანებულ ფულს ერთმანეთისგან ასხვავებენ, მფლობელებს კი თანხას უფასოდ უბრუნებენ.

ბუნდესბანკში აცხადებენ, რომ ცენტრი, როგორც წესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წელიწადში 40 მლნ ევროს დაზიანებულ ბანკნოტს იღებს. წელს ბანკმა ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრამდე პერიოდში, მხოლოდ დასავლეთ გერმანიის დაზარალებული ტერიტორიებიდან 51 მლნ ევროს ბანკნოტი მიიღო.

როგორც Associated Press აღნიშნავს, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გერმანელები ნაღდ ფულს უფრო მეტად იყენებენ.

გაშრობის შემდეგ, დაზიანებულ ბანკნოტებს ასწორებენ, ამოწმებენ და ითვლიან. დაბინძურებული ფულის დასამუშავებლად ბუნდესბანკმა საშრობებიც იყიდა. ბანკში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, დაბინძურებული ბანკნოტები სწრაფად დამუშავდეს, ვიდრე ისინი ერთმანეთს მიეკრობა და გამყარდება.

14-15 ივლისს გერმანიაში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად, რაც ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, 180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ