საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ჩინეთში თავის წარმომადგენლობას აფართოებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლმა, ქალაქ დონგუანსა და გუანჯოუში ბიზნეს სახლები გახსნა.

უწყების ცნობით, ბიზნეს სახლები უმასპინძლებს მაღალი დონის ბიზნეს შეხვედრებს, საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ.

„გუანჯოუში, ბიზნეს სახლის გახსნის ცერემონიალში გუანჯოუში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდია, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ჩინეთში, პალატის წარმომადგენლის და ბიზნეს სახლების ხელმძღვანელის, ბექა მიქაბერიძის განმარტებით, ბიზნეს სახლები წარმოადგენენ ქართული პროდუქციისა და კულტურის პოპულარიზაციის საუკეთესო პლატფორმას, რომელიც გააღრმავებს ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს“, - ნათქვამია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.