საქართველოში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 1 389 ლარია

2021 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 389.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 214.0 ლარით).

საქსტატის მონაცემებით, ამავე პერიოდში ქალების ხელფასმა შეადგინა - 1 098,4 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 182.1 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 1 440.3 ლარი
  • საშუალო ბიზნესი – 1 640.4 ლარი
  • მცირე ბიზნესი – 1 144.9 ლარი

რაც შეეხება დასაქმებულების რაოდენობას, 2021 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.0 პროცენტი ქალია, ხოლო 58.0 პროცენტი - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 623.7 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 4.0 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე- 2 648.3 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.9 პროცენტით მეტი).