ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის შემდეგ, 49 220 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, საერთო ჯამში, 49 220 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, მონიტორინგის გეგმის შესაბამისად, კარტოფილიდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, დიდი რაოდენობით საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთები უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

საქონლის სიჯანსაღის კონტროლი, რომელიც ითვალისწინებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული პარამეტრებით რეგულირებადი ობიექტების ინსპექტირებას, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.