Amazon-ის ბრენდის ტელევიზორები აშშ-ს ბაზარზე ოქტომბრიდან გამოჩნდება

Business Insider-ის ექსკლუზივით, კომპანია Amazon საკუთარი ტელევიზორის გამოშვებას აპირებს, რომელიც აშშ-ს ბაზარზე ოქტომბერში გამოჩნდება. ეს კომპანიის შიგნით მეტად დაცული კომერციული საიდუმლოებაა, რომელზეც ორი წელია, Amazon Devices-ისა და Lab126-ის გუნდი მუშაობს.

გასული წლის ბოლოსთვის კომპანიამ ინდოეთში AmazonBasics TV უკვე ჩაუშვა. თუმცა ეს ტელევიზორები მწარმოებლის ბრენდის, მაგალითად, Toshiba-ს სახელს ატარებენ. იმ პერიოდში Amazon სხვა მწარმოებლებთან გაერთიანდა, რათა Fire TV-ის პროგრამული უზრუნველყოფის ტელევიზორები ექსკლუზიურიად გაეყიდა.

ამჯერად უკვე Amazon-ის ბრენდით გამოშვებული ტელევიზორები ონლაინ კომერციის გიგანტს პირდაპირ კონკურენტად ხდის ელექტრონიკის ისეთი მწარმოებლებისთვის, როგორიცაა Samsung, LG და Sony. მითუმეტეს, ისინი თავის პროდუქციას ხშირ შემთხვევაში Amazon-ის ონლაინ-ბაზარზე ყიდიან. ტელევიზორებს, რომლებიც Alexa-ს ხმოვანი ასისტენტით იმუშავებენ, ამ ეტაპზე მესამე მხარე შეიმუშავებს და აწარმებს, რომლის ერთ-ერთი მონაწილე სწრაფად მზარდი ჩინური კომპანია TCL-ია. მას ტელევიზორები კომპანია Alcatel-ისა და Samsung-ისთვისაც აქვს გაკეთებული.

მოელიან, რომ Amazon-ის ბრენდის ტელევიზორები 55-დან 75 ინჩამდე, დიდი ეკრანის მოდელები იქნება. მათი გამოშვება ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი, თუმცა ამ მხრივ კომპანია ლოგისტიკის პრობლემას წააწყდა. Business Insider-ის წყაროს ცნობით, Amazon, ასევე, მუშაობს ტელევიზორზე, რომელსაც კომპანია მესამე მხარის გარეშე, დამოუკიდებლად აწარმოებს.

Amazon-ის ტელევიზორებს, რომლებიც ინდოეთში იყიდება, კომპანიები Radiant Appliances და Electronics Pvt იქვე აწარმოებენ. ისინი ოპერაციული სისტემა Fire TV-ითა და ხმოვან ასისტენტ Alexa-თი არიან აღჭურვილი. 55-ინჩიანი მოდელები დღეისთვის 588 დოლარად, 50-ინჩიანი კი - 506 დოლარად იყიდება. ბევრი მომხმარებელი უკმაყოფილოა, რომ AmazonBasics-ის ლოგო ეკრანზე 15 წუთის განმავლობაში ანათებს, ვიდრე პროგრამები ჩაირთვება. ასევე, ხმოვანი ასისტენტი Alexa ჩავარდნებით მუშაობს.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე Amazon საკუთარი ბრენდის პროდუქტით პირველად არ გადის. 2018 წელს კომპანიამ Alexa-ზე მომუშავე მოწყობილობების სერია გამოუშვა, მათ შორის, მიკროტალღური ღუმელი, ხმის გამაძლიერებელი და საბვუფერი. Amazon-ის მიზანია, ხმოვანი ასისტენტი Alexa მაქსიმალურად საყოველთაო და ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს სახლებში, სადაც ადამიანები ყველაზე მეტ დროს ატარებენ.

Business Insider-ის ცნობით, საკუთარი ბრენდის ტელევიზორები შეაძლოა, კომპანია Apple-მაც გამოუშვას, რომელიც ვიდეო-სტრიმინგში, ასევე, მილიონობით დოლარს ხარჯავს.

„ჯერ კიდევ 2011 წელს კომპანიის თანადამფუძნებელმა სტივ ჯობსმა თავის ბიოგრაფ უოლტერ აიზეკსონს განუცხადა, რომ მოფიქრებული აქვს, თუ როგორი უნდა იყოს საუკეთესო ტვ-ინტერფეისი. თუმცა ჯობსი მალევე გარდაიცვალა და Apple-ს ათი წლის შემდეგ ბაზარზე გასვლა Amazon-მა დაასწრო,“ - წერს Business Insider.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ