„ალიბაბა“ ჩინეთის „საერთო კეთილდღეობას“ 15.5 მილიარდ დოლარს მოახმარს

ელექტრონული კომერციის გიგანტი „ალიბაბა“ 2025 წლამდე ჩინეთის „საერთო კეთილდღეობის“ მოძრაობისთვის 100 მილიარდ იუანს (15.5 მილიარდ დოლარს) გაიღებს. ეს კიდევ ერთი ჩინური კომპანიაა, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპენის ინციატივას მხარს დაუჭერს.

პეკინი ჩინურ კომპანიებს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობის დაძლევის საქმეში, სახელმწიფოს დახმარება გაუწიონ. ინიციატივა ძინპენს ეკუთვნის და მას უკვე რამდენიმე ჩინური კომპანია გამოეხმაურა, რომელთა შორისაც არიან „ტენსენტ ჰოლდინგსი“ და „ჯილი ავტომობილი“. „ტენსენტმა“ უფრო ადრე გამოაცხადა, რომ „საერთო კეთილდღეობას“ 100 მილიარდ იუანს ჩაურიცხავს.

სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ახალი ამბების სააგენტო „ჟეძიან ნიუსი“ იტყობინება, რომ „ალიბაბას“ მიერ გაღებული თანხის დიდი ნაწილი, მცირე და საშუალო ბიზნესს მოხმარდება. თანხის ნაწილი კი ეკონომიკის ზოგიერთ სფეროში (როგორებიცაა საკურიერო მომსახურება და ტაქსი) დასაქმებულთა დაზღვევისთვის დაიხარჯება. „ალიბაბასგან“ გაღებული თანხიდან, 20 მილიარდი იუანი უშუალოდ „კეთილდღეობის განვითარების საერთო ფონდში“ ჩაირიცხება.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული კომერციის კომპანია "ალიბაბა" ანტი მონოპოლიური კანონის დარღვევის გამო, აპრილში 2.75 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა.