ტაილანდში COVID-19-ისგან დამცავ ტანსაცმელს პლასტმასის ბოთლებისგან ამზადებენ

ტაილანდი პლასტმასის ნარჩენების სიმრავლით და კოვიდპანდემიისთვის აუცილებელი პირადი დამცავი აღჭურვილობის სიმცირით გამოირჩეოდა, ამიტომ ქვეყანაში პლასტმასის ბოთლების გადამუშავება და მიღებული მასალით პერსონალური დაცვის ეკიპირების ტანსაცმლის კერვა დაიწყეს.

Reuters-ის ცნობით, მილიონობით პლასტმასის ბოთლი შეგროვდა, დაქუცმაცდა და ძაფებად გადააქციეს, რითიც პერსონალური დაცვის ეკიპირებისთვის საჭირო ქსოვილი იქსოვება. ეკიპირების ტანსაცმელს საავადმყოფოებსა და ბუდისტურ ტაძრებს უგზავნიან, სადაც ბერები კორონაპანდემიის მსხვერპლთა კრემაციას ეწევიან.

ქვეყანაში პერსონალური დაცვის ეკიპირების მატება აუცილებელი გახდა, რადგან მიმდინარე წლის აპრილიდან ტაილანდში 1,1 მილიონზე მეტი ინფიცირებისა და 12 000 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საჭირო თანხა გვაქვს, პერსონალური დაცვის ეკიპირების შოვნა მაინც ძალიან ჭირს. თუმცა ახლა ამ კოსტიუმებს პლასტმასის ბოთლებისგან ვკერავთ. ასე რომ, ნაგავს უკვე ფასი დაედო,“ - აცხადებს ბანგკოკის მახლობლად მდებარე ტაძრის აბატი.

ნარინჯისფერ მოსაცმელებს ტაძრის მოხალისეები ბერებისთვის, მესაფლევეებისთვის და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კერავენ. ისინი, აგრეთვე, ქვეყნის მასშტაბით ათასობით ტაძარში იგზავნება. მიუხედავად იმისა, რომ კოსტიუმი სამედიცინო ხარისხის არ არის, ის კარგად იცავს პირს, ვინც თავისი საქმიანობით კოვიდინფიცირების საფრთხის წინაშე მუდმივად დგას. ტაძრების მოხალისე მკერავებს ქსოვილით ტექსტილის კომპანია Thai Taffeta ამარაგებს.

პერსონალური დაცვის ეკიპირების თითო კოსტიუმის შეკერვას პლასტმასის 18 ბოთლი სჭირდება. ქსოვილს პროვინცია რაიონგში მდებარე ტექსტილის კომპანია Thai Taffeta-ს ქარხანა ამზადებს, რომლის ჩვეულებრივ ქსოვილსაც გლობალური ბრენდებიც იყენებენ. ქარხანაში ძაფებს გადამუშავებული ბოთლებისგან ამზადებენ და გიგანტურ რულონებზე ახვევენ, შემდეგ კი იკერება ქსოვილი, რომელიც წყალთან გამძლეობის მიზნით მუშავდება.

Thai Taffeta პლასტმასის ბოთლებისგან სამედიცინო ეკიპირების კოსტიუმებს საავადმყოფოებისთვის გასული წლის შუა პერიოდიდან კერავს. ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ 18 მილიონი პლასტმასის ბოთლი გადაამუშავა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ