გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ონლაინ-თამაშების აკრძალვაზე სამინისტროს კანონპროექტი არ მოუმზადებია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ონლაინ-თამაშების აკრძალვასთან დაკავშირებით მის სამინისტროს არანაირი კანონპროექტი არ მოუმზადებია.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლიდან შესაძლოა, ონლაინ-თამაშები აიკრძალოს.

"ჩვენი კუთხით, ასეთი ინიციატივა არ მომზადებულა. საუბარი მიმდინარეობდა იმაზე, რომ გარკვეულ ასაკამდე შეიზღუდოს თამაშები და გაკონტროლდეს. მე ვერ გეტყვით, რა ტიპის კანონპროექტი არსებობს. თუკი არსებობს, ეკონომიკის სამინისტროში არ მომზადებულა",- განაცხადა კვირიკაშვილმა.