„ასტრაზენეკამ“ და ევროკავშირმა COVID-19-ის ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

„ასტრაზენეკამ“ და ევროკომისიამ მწარმოებლის მიერ COVID-19-ის ვაქცინის დარჩენილი დოზების მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. მხარეების განცხადებით, ბრიუსელში მიმდინარე სასამართლო დავა დასრულდა, რომელიც კომპანიის მუშაობასა და ვაქცინაციის რეგიონულ კამპანიას აფერხებდა.

შეთანხმების ფარგლებში, AstraZeneca-ს ეკისრება ვალდებულება, რომ მესამე კვარტლის დასასრულისთვის 60 მილიონი დოზა , მეოთხე კვარტლის დასასრულს -75 მილიონი დოზა, ხოლო 2022 წლის პირველი კვარტლის დასასრულს - 65 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდება უზრუნველყოს.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს თქმით, ახალი შეთანხმებით წევრ ქვეყნებს მიეწოდებათ განრიგი, რა დროისთვისაც ისინი დოზების მიღებას შეძლებენ. პროცესის შეფერხების შემთხვევაში კი ისინი გარკვეული სახის ფასდაკლებებს მიიღებენ.

”ჩვენს წევრ ქვეყნებს შორის ვაქცინაციის ტემპის მაჩვენებლები განსხვავებულია, ამიტომ ვაქცინების ხელმისაწვდომობას, მათ შორის „ასტრაზენეკას“ დოზების დროულ მიწოდებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,” - განაცხადა ევროკავშირის კომისარმა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის საკითხში სტელა კირიაკიდესმა.