ზელენსკი Apple-ს უკრაინაში ეპატიჟება და ინვესტორებს სარფიან პირობებს ჰპირდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სან-ფრანცისკოში გამართული შეხვედრისას ამერიკელ ბიზნესმენებს და ვენჩურულ ფონდებს მოუწოდა უკრაინასთან აქტიური თანამშრომლობისკენ, ასევე შეჰპირდა მათ ხელსაყრელი პირობების შექმნას უკრაინის ციფრულ ინდუსტრიაში ინვესტირებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

„ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს უცხოელ და უკრაინელ ინვესტორებს ქვეყნაში ინვესტიციების განხორციელებისთვის ციფრულ სექტორში. მათთვის ადგილზე შეიქმნება სპეციალური საკანონმდებლო რეჟიმი, რომელიც იმოქმედებს იმ კომპანიებისთვის, რომელთა კაპიტალიზაცია 100 მილიონ დოლარს აღემატება და რომლებიც გახდებიან უკრაინის რეზიდენტები“, - ნათქვამია ზელენსკის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზელენსი თქმით, „სახელმწიფო გაითვალისწინებს ინვესტორების სურვილებს და მოარგებს მათ პირობებს, ვინაიდან უკრაინის კანონმდებლობა არის საკმაოდ მოქნილი და ის ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას.“

„ჩვენი სურვილია, რომ თქვენმა ბიზნესმა არა მხოლოდ წარმომადგენლობა გახსნას უკრაინაში, არამედ ინვესტიციებიც ჩადოს უკრაინულ ინოვაციურ პროდუქტებში“, - განაცხადა მან.

მანამდე კი ზელენსკი კალიფორნიაში, სტენფორდის უნივერსიტეტში გამოვიდა სიტყვით, სადაც შეხვედრა გამართა ამერიკულ ბიზნესთან. იმავე დღეს კი შეხვდა Apple-ის თავკაცს ტიმ კუკს ქალაქ კუპერტინოში, მან გამოხატა დაინტერესება Apple-ის უკრაინაში გაფართოვებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის უკრაინული Apple Music-ის შექმნის კუთხით. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინაში მონაცემთა-ცენტრის აშენების საკითხი სერვისისთვის iCloud, დანიის ცენტრის მსგავსად. ასევე საუბარი შეეხო Siri ასისტენტის გაუკრაინულების თემასაც.

კოკა კვირკველია