გიორგი კვირიკაშვილი გაუმართლებლად მიიჩნევს ბრალდებებს, თითქოს ხელისუფლება რუსულ კომპანიებზე რაიმეს ყიდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიუღებელია ბრალდებები, თითქოს ხელისუფლება რუსულ კომპანიებზე რაიმეს ყიდის.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულებამდე "როსნეფტის" მიერ "პეტროკასის" შეძენასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, კომპანია, რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, წინა ხელისუფლების საკუთრებაში იყო. "ეს იყო მათი, ასე ვთქვათ, ჯიბის კომპანია. ეს ტრანზაქცია მოხდა ოფშორულ ანგარიშებზე. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ ტრანზაქციის კონტროლის არანაირი საშუალება არ გვაქვს. აქეთ მოდის ბრალდებები ჩვენსკენ, რომ ვყიდით რაღაცას რუსულ კომპანიებზე. ნათლად ჩანს, ვინ ყიდის რუსულ სახელმწიფო, თანაც სანქცირებულ კომპანიებზე საქართველოში არსებულ ქონებას, ამიტომ ჩვენს მიმართ ამ მხრივ ბრალდებები აბსოლუტურად გაუმართლებელია. პირიქით, ნათლად ჩანს, ვინ გაყიდა და რა გაყიდა რუსულ კომპანიებზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ეს იყო კეზერაშვილის და მიხეილ სააკაშვილის კომპანია და ამ მხრივ კითხვები არ არის.

"უფრო მეტიც, ძალიან ბევრი ბრალდება იყო ამ კომპანიის მიმართ ქონების წართმევასთან დაკავშირებით და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სასამართლოშიც არის გარკვეული საკითხები, ბენზინგასამართი თუ გაზგასამართი სადგურების წართმევასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქართველი ბიზნესმენის დავით იაკობაშვილის კუთვნილი კომპანია Petrocas Energy Group ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, "როსნეფტის" მიერ "პეტროკასის" აქციების 49%-პროცენტიანი პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი, თუმცა აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს რჩება. ამ დრომდე უცნობია გარიგების მოცულობა.