ისევ ხშირია ნათხოვარი ავტო-ნაწილებით ტექდათვალიერების გავლის ფაქტები - „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია“

2020 წელთან შედარებით, წელს იმ ავტომობილების რაოდენობა, რომლებმაც ტექინსპექტირება გაიარა, მცირებით გაზრდილია.

თუმცა როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა, ისევ ხშირია ნათხოვარი ავტო-ნაწილებით ტექდათვალიერების გავლის ფაქტები.

ასევე, მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენს პირველადი ინსპექტირების შემდეგ, კატალიზატორების მოხსნა და გაყიდვაც.

,,რადიკალურად არაფერი შეცვლილა, მაგრამ გასულ წელთან შედარებით სიტუაცია ოდნავ უკეთესია, როგორც აღსრულების, ასევე მომართვიანობის ნაწილში. ჩვენთან სამწუხაროდ, აღსრულება და კონტროლი მიბმულია არჩევნებზე. იმედია, არჩვენების შემდეგაც არ გაგრძელდება ასე.

ადრე, საუბარი იყო წელიწადში 1 მლნ ავტო- სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც უნდა გაევლო ინსპექტირება. ცხადია, ამდენი სატრანსპორტო საშუალება არასოდეს მოსულა ინსპექტირებაზე. გასულ წელს საერთოდ 588 000-ზე იყო საუბარი. წელს შედარებით უკეთესია სიტუაცია, თუმცა ამ მონაცემებით ნამდვილად ვერ გავალთ სამიზნე ნიშნულზე.

მეორეს მხრივ, ინსპექტირების ცენტრი ვერ იქნება საგამოძიებო ორგანო, რომელიც ადგენს იმ მანქანის არის თუ არა საბურავი, რომლითაც მძღოლი ინსპექტირებაზე მოვიდა. ძალიან ხშირია პრობლემა კატალიზატორებზე, როცა მოდიან პირველად რეგისტრაციაზე, იქ სხვა ნორმაა და როგორც კი გადიან ინსპექტირებას, ხსნიან კატალიზატორს და აბარებენ ძალიან ძვირად. ამ ყველაფერს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ“, - აცხადებს იორდანიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი