YouTube Music-ის გამომწერთა რაოდენობამ 50 მილიონს მიაღწია

YouTube-ის მუსიკალურ სტრიმინგ-სერვისებს 50 მილიონი ფასიანი გამომწერი ჰყავს მაშინ, როცა გასული წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 30 მილიონ აბონენტს შეადგენდა. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

პლატფორმა YouTube Music 2018 წელს ამოქმედდა და სერვისის მიმართ ინტერესი წელს შესამჩნევად გაიზარდა. ამჟამად გამოწერის თვიური გადასახადი 10 დოლარია. მოთხოვნა გაიზარდა YouTube Premium-ზეც, რომლის ყოველთვიური გამოწერის საფასური 12 დოლარს აღწევს.

მას შემდეგ, რაც YouTube Music-ის მმართველი ლიორ კოენი გახდა, მან სერვისი ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახადა და დღეისთვის ის კონკურენციას ისეთ მუსიკალურ სტრიმინგს უწევს, როგორიც არის Spotify. კოენის თქმით, პლატფორმამ 12 თვის განმავლობაში, მუსიკის კანონიერ მფლობელებს 4 მლრდ დოლარზე მეტი გადაუხადა, რომლის 30% ფასიანი გამომწერებიდან, დანარჩენი კი რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი იყო.

კონკურენტ სერვის Spotify-ს, რომელიც 2008 წლიდან არსებობს, მეორე კვარტლის ბოლოს 165 მილიონი ფასიანი გამომწერი ჰყავდა. Apple Music 2015 წლიდან ჩაეშვა და იმავე კვარტალში 78 მილიონი გამომწერი დააფიქსირა, ხოლო 2016 წლიდან არსებულ Amazon Music Unlimited-ს 63 მილიონი ფასიანი გამომწერი ჰყავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ