რომის მერია გარეული ღორების შემოსევას ებრძვის

რომის მერი, ვირჯინია რაჯი მიმდებარე რეგიონ ლაციოს მმართველს იმის გამო უჩივის, რომ, მისი თქმით, იტალიის დედაქალაქში ამ რეგიონიდან გარეული ღორების მასიური და უკონტროლო შედინებაა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ბოლო წლებში რომის მცხოვრებნი და ფერმერები აღშფოთებული არიან გარეული ღორების მომრავლებით, რომლებიც მათ მიწებს აზიანებენ და ქალაქში ფატალურ ავტოავარიებს იწვევენ.

ბოლო მონაცემებით, გარეული ღორი იტალიაში ყოველწლიურად, საშუალოდ, 10 000 საგზაო შემთხვევის მიზეზი ხდება.

„მოძრაობა ხუთი ვარსკვლავის“ წევრმა, რომის მერმა, ვირჯინია რაჯიმ „გარეული ღორების შემოსევაზე“ პასუხისმგებლობა ლაციოს რეგიონალურ მთავრობას დააკისრა, რომელსაც დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი, ნიკოლა ძინგარეტი ხელმძღვანელობს. მერის თქმით, ძინგარეტის მთავრობა ამ ცხოველების „ეფექტიანი მართვის გეგმას" არ ასრულებს.

ცხოველებზე დებატები მაისში მას შემდეგ განახლდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ წაართვა ექვსმა გარეულმა ღორმა რომის გარეუბნის სუპერმარკეტიდან გამოსულ ქალს ნაყიდი პროდუქტები.

გასული წლის ოქტომბერში პოლიციამ ვატიკანის მახლობლად, საბავშვო გასართობ მოედანზე, გარეული ღორების ოჯახი დაცხრილა, რაზეც ვირჯინია რაჯიმ გამოძიების დაწყება მოითხოვა, რადგან მომხდარმა ფაქტმა ცხოველთა უფლებების დამცველებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოიწვია.

იტალიის ფერმერთა უმსხვილესი გაერთიანება Coldiretti-ის მონაცემებით, გარეულ ღორთან დაკავშირებული ინციდენტი ყოველ 48 საათში ერთხელ ხდება. ამასთან, იზრდება შემთხვევების რაოდენობა, როცა გარეული ღორები ქალაქის რაიონების ნაგავსაყრელებში იქექებიან.

ივლისში იტალიელმა ფერმერებმა, ცხოველების სელექციონერებმა და მეცხვარეებმა რომში, პარლამენტის შენობის წინ პროტესტი გამოთქვეს, რომ ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ქალაქებზე გარეული ღორების „შემოსევაა" და მთავრობისგან ამის აღმოფხვრა მოითხოვეს.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში, დაახლოებით, ორი მილიონი გარეული ღორი დაეხეტება, მათზე ნადირობა კი პოპულარული გასართობი საშუალებაა. ღორის ხორცი უმბრიული და ტოსკანური სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ