მსოფლიოში ყავის მოხმარება გაიზარდა, თუმცა ჩვენთან არა - რამ გამოიწვია "სისაური გრაინდერსის" გაყიდვების შემცირება

,,პანდემიის პერიოდს რომ გადავხედოთ, მსოფლიო ტენდენცია ასეთია, ყავის მოხმარება გაიზარდა, თუმცა ჩვენთან ამას სხვა ხასიათი ჰქონდა“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას "სისაური გრაინდერსის" დირექტორის მოადგილემ განაცხადა. სუზი ისკანდაროვას თქმით, მათ შემთხვევაში გაყიდვების კლების მიზეზი, პანდემიის გამო გადაადგილების ხშირი შეზღუდვა გახდა.

მისივე თქმით, მსოფლიოში პანდემიის დროს, ყავის მოხმარება გაიზარდა.

,,პანდემიის პერიოდს რომ გადავხედოთ, მსოფლიო ტენდენცია ასეთია, ყავის მოხმარება გაიზარდა, თუმცა ჩვენთან ამას სხვა ხასიათი ჰქონდა. კერძოდ, კოვიდის გამო მომხმარებელი რიგ შემთხვევებში თავს იკავებდა სტუმრობისგან. ასევე, იყო პერიოდები, ისეთი როგორიც ახლაა - როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტია შეზღუდული. ეს ყველაფერი ცხადია, აისახა გაყიდვებზე. რა თქმა უნდა, არის მომხმარებლის ნაწილი, რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია ყავის გარეშე, მაგრამ ხშირად ისინიც არჩევდნენ უბნის მაღაზიებში შეეძინათ ყავა.

მოგეხსენებათ, ჩვენი ბრენდის ქვეშ ახლა 6 მაღაზიაა, შესაბამისად, ტერიტორიულად ბევრისთვის შეიძლება არც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. გაყიდვების სტიმულირებისთვის, ონლაინ პლატფორმებზეც განვათავსეთ ჩვენი პროდუქცია, მაგრამ მიტანის საფასურის ნამატის გამო მყიდველთა გარკვეული კატეგორია თავს იკავებდა გამოძახებისგანაც. ამ მიზეზების ერთობლიობას ვუკავშირებთ გაყიდვების კლებას“,- განაცხადა ,,სისაურის“ დირექტორის მოადგილემ.

მისივე თქმით, მიუხედავად პანდემიისა, კომპანია გაფართოების რეჟიმშია და 2020 წელს მაღაზიები, რომლის გახსნაც ვერ მოხერხდა, 2022 წლისთვის გაიხსნება.

,,ახლა ვართ მზარდი განვითარების გეგმის განხორციელების პროცესში. პრომო კიოსკის ტიპის მაღაზია უკვე გავხსენით. ოქტომბრისთვის ვგეგმავთ 2 მაღაზიის გახსნას, რომ უფრო ახლოს ვიყოთ მომხმარებელთან.

2020-ში უნდა გაგვეხსნა რამდენიმე მაღაზია დიდ ქალაქებში, თუმცა ამან პანდემიის გამო გადაიწია და უკვე მომავალი წლისთვის დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ რეგიონების ათვისებასაც, მით უფრო, რომ მოთხოვნა და ინტერესი ნამდვილად არის“, - განაცხადა სუზი ისკანდაროვამ.

თამარ მუკბანიანი