ინოვაციური იატაკი, რომელზე სიარულის დროსაც ელექტროენერგიის გამომუშავება შეგიძლიათ

შვეიცარიაში, ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური იატაკი, რომელზე სიარულის დროსაც ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი.

გამოცემა Science Daily-ის მიხედვით, იატაკზე ფეხის ყოველი დადგმის დროს ელექტროენერგია წარმოიქმნება, რაც სპეციალური ნანოგენერატორების მეშვეობით ხორციელდება.

მეცნიერებმა ისინი სპეციალურად დამუშავებული ხის ორ ნაწილს შორის მოათავსეს. იატაკზე სიარულის დროს ნანოგენერატორი ელექტრულად იმუხტება და ენერგია ერთი ობიექტიდან მეორეში გადადის.

მეცნიერებმა სპეციალური იატაკის შექმნის დროს სხვადასხვა სახეობის ხე გამოსცადეს, თუმცა საბოლოოდ ნაძვზე შეჩერდნენ. მათი თქმით, ხეებს შორის გამომუშავებული ელექტროენერგიის გადატანა ყველაზე კარგად ნაძვზე ხდება.

გამოცემის ცნობით, სიარულისას გამომუშავებული ელექტროენერგია დიოდური ნათურის განათებისთვისაა საკმარისი. თუმცა ამავდროულად, მსგავსი იატაკის დამზადება ძვირი არ ჯდება, ეკო-მეგობრულია და ინტერიერის დიზაინსაც კარგად ერწყმის.

ბექა ბერიაშვილი