უკრაინამ და შტატებმა კომერციული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

უკრაინისა და აშშ-ის ხელისუფლებებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის კომერციულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია პარასკევს უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა.

„უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, კერძოდ კი, მემორანდუმი ხელისუფლებებს შორის კომერციული თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი მიმართულია ორი ქვეყნის კომერციული თანამშრომლობის განვითარებისკენ და გამყარებისკენ, ეკონომიკური ზრდისკენ, ამერიკული კომპანიების უკრაინაში კომერციული საქმიანობების გააქტიურებით და პირიქით“ ,- წერია განცახდებაში.

შეთანხმების შედეგად, მხარეები გეგმავენ შეიმუშავონ და განახორციელონ კომერციული პროექტები, ასევე მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში შტატებსა და უკრაინაში. „საკვანძო ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, უკრაინის ენერგეტიკის დეკარბონიზაციაზე გადასვლაზე, ასევე ინფრასტრუქტურისა და ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, თავდაცვით სფეროზე, კიბერუსაფრთხოებაზე და ჯანდაცვაზე“ - ნათქვამია განცხადებაში.

კოკა კვირკველია